ახალი ამბები

თქვენ გჯერათ, რომ მხოლოდ პროდასავლური მედია შეიძლება იყოს დამოუკიდებელი? – ლავროვი რ2-ს

18 ივლისი, 2019 • 1334
თქვენ გჯერათ, რომ მხოლოდ პროდასავლური მედია შეიძლება იყოს დამოუკიდებელი? – ლავროვი რ2-ს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, “რუსთავი 2”-ის მესაკუთრის ცვლილება საქართველოს შიდა საქმეა, რომელზეც შეფასებას ვერ გააკეთებს.

ბონში, სერგეი ლავროვისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰეიკო მაასის ერთობლივ პრესკონფერენციაზე, “რუსთავი 2”-ის კორესპონდენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხა, კმაყოფილია თუ არა სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით; ასევე, დაინტერესდა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოში დამოუკიდებელი პროდასავლური მედიის არსებობას.

ლავროვი დაინტერესდა, რას ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაზეც უპასუხეს, რომ მესაკუთრის ცვლილებას.

“მე რა ხელი მაქვს ამასთან?… როცა თქვენ ეკითხებით ჩემს კოლეგას, რას ფიქრობს დამოუკიდებელ პროდასავლურ მედიაზე, თქვენ გჯერათ, რომ მხოლოდ პროდასავლური მედია შეიძლება იყოს დამოუკიდებელი? მე მეგონა, თქვენ პროქართული იყავით, მაგრამ მაინც…” – მიმართა ლავროვმა “რუსთავი 2”-ს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას წარმოდგენა არ აქვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

“არა მგონია, რომ მესაკუთრის ცვლილება სტრასბურგის სასამართლოს კომპეტენცია იყოს, მაგრამ მაინც… არ მსმენია ამის შესახებ. ეს არის საქართველოს საქმე, თქვენ თქვენი კანონმდებლობა გაქვთ და ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც შიდა საკითხს ეხება, ამ კანონმდებლობის საფუძველზე უნდა იქნას განხილული. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, რადგანაც ის ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსაც, ის უკვე გახმიანდა ჩვენი პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ. არაფერი მაქვს დასამატებელი. ჩვენ გვინდა მეგობრობა ქართველ ხალხთან. ჩვენ არ მოგვწონს ზოგიერთი მედიის, მათ შორის, “დამოუკიდებელი პროდასავლური” მედიის გამოყენების მცდელობა რუსულ-ქართული ურთიერთობების დასაზიანებლად”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი