ახალი ამბები

მიამიტობაა ფიქრი, რომ ივანიშვილი და პუტინი გავლენებს არ გამოიყენებდნენ – ბარამიძე ევროსასამართლოზე

18 ივლისი, 2019 • 2458
მიამიტობაა ფიქრი, რომ ივანიშვილი და პუტინი გავლენებს არ გამოიყენებდნენ – ბარამიძე ევროსასამართლოზე

ენმ-ის წევრი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ “დიდი მიამიტობა იქნებოდა გვეფიქრა, როგორც ივანიშვილის ფული, ისე პუტინის შესაბამისი გავლენები არ იქნებოდა ჩართული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით”.

“ძალიან მიამიტი უნდა იყოს ადამიანი, იფიქროს, რომ პუტინს ამ საქმესთან  დაკავშირებით ინტერესი არ ჰქონდა და თუ ჰქონდა, რაღაცნაირად თავს შეიკავებდა და ზეგავლენის საშუალებას არ გამოიყენებდა. ეს რა ზეგავლენაა, ცხადია, ამაზე ინფორმაცია და საბუთები არა  მაქვს და ვერ ვილაპარაკებ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ბარამიძემ.

მისი თქმით, ეს სტრასბურგის გადაწყვეტილების არალეგიტიმურობაზე საუბარს არ ნიშნავს.

ბარამიძის თქმით, რუსეთს ჰქონდა აშშ-ის არჩევნებში, ბრექსიტის ბედის გადაწყვეტაში და გერმანიისა და საფრანგეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობა.

“ისინი რომ გულხელდაკრეფილები არ სხედან, უნდა გავაცნობიეროთ, მაგრამ მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავარდეს საზოგადოება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ევროპული სტანდარტების და ნატო-ს წევრი სახელმწიფოს მშენებლობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თვალის დაბრმავებას ვაპირებთ”, – განაცხადა ბარამიძემ.

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი