ახალი ამბები

“გააგრძელეთ ის, რასაც გუშინ აკეთებდით, მე არ ჩავერევი” – სალია რ2-ის თანამშრომლებს მიმართავს

18 ივლისი, 2019 • 1371
“გააგრძელეთ ის, რასაც გუშინ აკეთებდით, მე არ ჩავერევი” – სალია რ2-ის თანამშრომლებს მიმართავს

“ამ ადამიანებს ვეუბნები, რომ გააკეთეთ ის, რასაც აკეთბედით”, – ასე ეხმაურება  რ2-ის ახალი დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიის თანამშრომლების განცხადებებს.

“რუსთავი 2”-ის საინფორმაციო და პოლიტიკური, გასართობ-შემეცნებითი და მუსიკალური  პროგრამების თანამშრომლები ტელეარხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, მხარდაჭერას უცხადებენ. მათი თქმით, გვარამია არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარი გარანტია. საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების წარმომადგენელთა თქმით, მთავარ საფრთხეს არხისთვის, მედიასივრცისა და, “საბოლოო ჯამში, მთლიანად ქვეყნისთვის”, ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა წარმოადგენს.

პაატა სალია ნეტგაზეთთან საუბარში ამტკიცებს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს და თანამშრომლებს “შეუძლიათ აკეთონ ის, რასაც გუშინ აკეთებდნენ”

“და რას მეუბნებიან, რომ ნიკა გვარამია თუ წავა, არ იციან მერე რა გააკეთონ? ამას ამბობენ? ნიკა თუ წავიდა, ვეუბნები, გუშინ რასაც აკეთებდით, გააგრძელეთ ის. თუ ამბობენ, რომ ნიკას გარეშე ნაბიჯს ვერ დგამენ, ეს სხვა თემაა”, – ამბობს სალია ნეტგაზეთთან საუბარში.

მისივე თქმით, ეს არა მხოლოდ მისი, არამედ ქიბარ ხალვაშის პოზიციაცაა.

“მე ვეცდები, რომ მაქსიმალურად ვითანამშრომლო ამ ადამიანებთან [რ2-ის თანამშრომლებთან]. არ შევუზღუდო არაფერში… [უფრო სწორად] არ ჩავერიო, შეზღუდვაზეც არ არის ლაპარაკი. არ ჩავერიო სარედაქციო დამოუკიდებლობაში. ეს ხალვაშმა განმისაზღვრა, დაწერა [განცხადებაში], მითხრა კიდეც, ჩემი პოზიციაც ასეთია”, – ამბობს სალია.

არხის ახალი დირექტორის თქმით, მისი მიზანია, რომ შეისწავლოს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა.

“რა სიტუაციაა, გარედან მხოლოდ ჭორების დონეზე ვიცით, რა ქონებას იბარებს, ჩატარდეს აუდიტი, საერთაშორისო კომპანია მოვიწვიოთ, მაგრამ პარლალურად არ გაჩერდეს პროცესი”, – აცხადებს სალია.

პაატა სალიას თქმით, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, როდის მივლენ ისინი რ2-ის შენობაში. საჯარო რეესტრმა რ2-ის ახალ მფლობელად ხალვაში დღეს დაარეგისტრირა. დღესვე დარეგისტრირდა პაატა სალიაც კომპანიის დირექტორად.

“შევხვდები ხალვაშს, ჩამოვყალიბდებით და ზუსტად მეცოდინება [როდის მივლენ რ2-ში]. მინდა მასთან შეთანხმებული იყოს პოზიცია. დრო უნდა ამას. დღეს გამოცხადდა გადაწყვეტილება. 10 დღის წინ გავიგეთ, რომ დღეს ცხადდებოდა გადაწყვეტილება, გადასახარშია, ბევრი რამ მოსაფიქრებელია”.

საჯარო რეესტრმა ახლად დარეგისტრირებული მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე „რუსთავი 2“-ის დირექტორად ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დაარეგისტრირა. ნიკა გვარამია თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

ხალვაშმა ამ მოთხოვნით რეესტრს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, 15:55 საათზე მიმართა; საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია დაასრულა 17:20 საათზე.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი აცხადებდა, რომ ახალი მფლობელი ნიკა გვარამიას „უსაფუძვლოდ ვერ გაათავისუფლებს“, რადგან კონტრაქტში გაწერილია ის პირობები, რის საფუძველზეც არხის მოქმედი დირექტორის გათავისუფლება უნდა მოხდეს. როგორც მურადაშვილმა თქვა, „კონტრაქტის დარღვევით გათავისუფლების შემთხვევაში, ხალვაშს გვარამიასთავის ჯარიმის სახით რამდენიმე მილიონის გადახდა მოუწევს“.

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი