ახალი ამბები

ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების დროული გამოვლენა გადაუჭრელ პრობლემად რჩება – ომბუდსმენი

17 ივლისი, 2019 •
ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების დროული გამოვლენა გადაუჭრელ პრობლემად რჩება – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, მშენებლობაზე 16 წლის მუშის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. სახალხო დამცველი ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემაა ბავშვთა შრომა უკიდურეს და საფრთხის შემცველ პირობებში.

“განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში იკვეთება ობიექტზე არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ნორმების შეუსრულებლობა, არამედ – დარღვეულია საქართველოს შრომის კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული აკრძალვაც, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს არასრულწლოვანთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად.

სამწუხაროდ, დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმებისა და საშიშპირობებიან გარემოში მუშაობის შემთხვევათა დროული გამოვლენა, ეფექტური რეაგირების განხორციელება და პრევენცია.

ამასთან, სახელმწიფოს აღნიშნულ ეტაპამდე არ აქვს ეფექტიანი მექანიზმი ბავშვთა შრომითი უფლებების მონიტორინგის სფეროში. შედეგად, ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების და საშიშ პირობებში მუშაობის შემთხვევების გამოვლენა სახელმწიფოს ეფექტურ კონტროლს მიღმა რჩება“,- ამბობს ლომჯარია.

სახალხო დამცველის თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ „ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის მიხედვით, არასრულწლოვანთა შრომის უკიდურესი ფორმების აღმოსაფხვრელად, ეროვნულ დონეზე უნდა შემუშავდეს პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა და განხორციელების ეფექტიანი მექანიზმი, აღნიშნული საქართველოში ამ დრომდე არ სრულდება.

“სისტემური ხასიათის პრობლემად რჩება შემთხვევები, როდესაც ბავშვებს უკიდურესი სიღარიბის, ოჯახში უგულებელყოფისა და არასათანადო სოციალური პირობების გამო თავიანთ ასაკთან და ფსიქო-ფიზიკურ განვითარებასთან შეუსაბამო სამუშაოს შესრულება უხდებათ. აღნიშნული ტენდენცია არის ყოვლად შემაშფოთებელი და პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან მომეტებულ ყურადღებასა და დაუყოვნებლივი ზომების მიღებას საჭიროებს“, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

2019 წლის 16 ივლისს საზოგადოება შეძრა მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი პირის გარდაცვალების უმძიმესმა შემთხვევამ. თბილისში, დოლბაურის ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე მომუშავე არასრულწლოვანი ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტზე არ იყო დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები, რის გამოც სამშენებლო პროცესი შეჩერდა.

გარდა ამისა, ლომჯარია განცხადებაში წერს, რომ საქართველოში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა უმწვავეს გამოწვევად რჩება. ამ ვითარების გაუმჯობესებას კი აფერხებს, ერთი მხრივ, შრომის ინსპექტორების სამუშაო ადგილებზე დაშვებისთვის გათვალისწინებული შეზღუდვები,  ხოლო, მეორე მხრივ – შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელთ არსებული არასაკმარისი ადამიანური თუ მატერიალური რესურსები.

“აღნიშნული ფაქტორების გამო, დასაქმების ადგილებზე ინსპექტირება ვერ ხორციელდება იმდენად ხშირად და სრულყოფილად, რამდენადაც ეს აუცილებელია შრომის უსაფრთხოების ნორმების ეფექტური აღსრულების უზრუნველსაყოფად. შედეგად, უკანასკნელი შემთხვევის მსგავსად, მონიტორინგის გარეშე რჩება არაერთი დასაქმების ადგილი, სადაც სამუშაო პროცესი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დროულად და ეფექტურად შეისწავლონ დოლბაურის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა და მოახდინონ საზოგადოების სრული ინფორმირება გამოძიებისა და მოკვლევის შედეგების თაობაზე.

“ამასთან, მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გადადგან ქმედითი ნაბიჯები ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აღმოსაფხვრელად და მათ მიერ მავნეპირობებიანი სამუშაოს შესრულების პრევენციისთვის“,- ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.

16 ივლისს თბილისში მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა. ის 16 წლის იყო.

მშენებლობაზე გარდაცვლილი მუშა 16 წლის იყო

მასალების გადაბეჭდვის წესი