ახალი ამბები

იუსტიციის საბჭომ კანდიდატთან გასაუბრება კითხვების ამოწურვამდე შეწყვიტა

17 ივლისი, 2019 •
იუსტიციის საბჭომ კანდიდატთან გასაუბრება კითხვების ამოწურვამდე შეწყვიტა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ზურაბ აზნაურაშვილთან გასაუბრება კითხვების ამოწურვამდე შეწყვიტა.

გასაუბრება ზურაბ აზნაურაშვილთან დაახლოებით 11:30 საათზე დაიწყო და კითხვებს, ძირითადად, საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, სვამდნენ. სხდომის თავმჯდომარემ დიმიტრი გვრიტიშვილმა რეგლამენტი განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც, გასაუბრება 15:00 საათამდე გაგრძელდებოდა.

ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის თქმით, ისინი არ დაემორჩილებოდნენ გვრიტიშვილის უკანონო გადაწყვეტილებას, რადგან კანონმდებლობა ასეთ შეზღუდვას არ ითვალისწინებს.

15:00 საათზე საბჭოს მოსამართლე წევრებმა სხდომა დატოვეს, მაშინ როდესაც ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი კითხვების დასმას განაგრძობდნენ. ასევე მოიქცა კანდიდატი ზურაბ აზნაურაშვილი, რაც დოლიძემ და ჯანეზაშვილმა აზნაურაშვილის საბჭოსადმი მორჩილებად შეაფასეს.

ანა დოლიძის შეფასებით, იუსტიციის საბჭომ მიიღო დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მისი და ნაზი ჯანეზაშვილის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.

ანა დოლიძე მიმართავს სახალხო დამცველს, დაიწყოს ამ ფაქტის შესწავლა ანტიდისკრიმაციული კანონმდებლობის მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი