ახალი ამბები

არასამთავრობოების მოთხოვნის მიუხედავად, ონიანი თვითაცილებაზე უარს ამბობს

17 ივლისი, 2019 • 1405
არასამთავრობოების მოთხოვნის მიუხედავად, ონიანი თვითაცილებაზე უარს ამბობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი თამარ ონიანი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ზურაბ აზნაურაშვილი მისი მაზლი აღარ არის და თვითაცილებაზე უარს ამბობს.

ზურაბ აზნაურაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პირველი კანდიდატია, რომელთანაც გასაუბრება იუატიციის უმაღლეს საბჭოში ამ წუთებში მიმდინარეობს და თამარ ონიანი გასაუბრებაში მონაწილეობს.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში ზურაბ აზნაურაშვილის ყოფნა, რომელსაც ნათესაური კავშირი აქვს (მაზლი) იუსტიციის საბჭოს წევრ თამარ ონიანთან, ინტერესთა კონფლიქტს ქმნის. ამ პოზიციას იზიარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილიც.

“მე და ზურაბ აზნაურაშვილს შორის ის ნათესაური კავშირი, რაზეც მიუთითებდა ქალბატონი ნაზი, არ არსებობს. ჩემი მხრიდან კანონი დარღვევა და პასუხისმგებლობის არაჯეროვნად შესრულება იქნებოდა, თუ ჩამოვშორდებოდი პროცესს კანონის გვერდის ავლით”, – განაცხადა თამარ ონიანმა.

ნაზი ჯანეზაშვილი ოფიციალურ დეკლარაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თამარ ონიანი რეგისტრირებულ ქორწინებაშია გიორგი აზნაურაშვილთან, რომელიც ზურაბ აზნაურაშვილის ძმაა. ნაზი ჯანეზაშვილის აზრით, იმ შემთხვევაშიც, თუ ქორწინება ფაქტობრივი აღარაა ან გაუქმებულია, ინტერესთა კონფლიქტი რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი