ახალი ამბები

რა შემთხვევაში აღდგება რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა – ლავროვის განმარტება

17 ივლისი, 2019 •
რა შემთხვევაში აღდგება რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა – ლავროვის განმარტება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმ პირობებს ასახელებს, რისი დაკმაყოფილების შემთხვევაშიც საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება.

“ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურება ქვეყანაში და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხის განეიტრალება. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება, შეიქმნება ის აუცილებელი გარემოებები, რაც შესაძლებელს გახდის რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვის წინაპირობას, მათ შორის, ავიამიმოსვლის შეწყვეტასთან დაკავშირებით”, – განუცხადა რუსულ გამოცემა АиФ.ru-ს სერგეი ლავროვმა.

ლავროვისვე განმარტებით, რუსეთი არ აპირებს საქართველოს ხელიუსუფლებასა და ოპოზიციის ურთიერთობებში ჩარევას, რადგან ეს ქვეყნის “შიდა საქმეა”. თუმცა, როგორც ის ამბობს, “რუსეთი შეშფოთებულია ზოგი რადიკალი პოლიტიკოსის მცდელობებით, გააღვივონ რუსოფობიური განწყობები”.

როგორც АиФ.ru წერს, მოსკოვი იმედოვნებს, რომ “საქართველოს ხელისუფლება რაც შეიძლება მალე გაიგებს, თუ რამდენად საშიშია ანტირუსულინ ისტერიის გაღვივება. ამასთანავე, ქვეყნის ხელისუფლებამ [საქართველოს] უნდა შეაფასოს “რუსთავი 2-ის” წამყვანის “სამარცხვინო გამოხტომა, რომელმაც შეურაცხყო რუსეთის პრეზიდენტი”.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართულებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის.

მასალების გადაბეჭდვის წესი