ახალი ამბები

“დიდი პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაა” – “პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში პუტინს აქებს

16 ივლისი, 2019 • 1390
“დიდი პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაა” – “პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში პუტინს აქებს

“პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა რუსეთში, სახელმწიფო დუმის დეპუტატებთან შეხვედრები გამართეს.  მთავარი თემა 20 ივნისის მოვლენები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები იყო.

ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე პატრიოტთა ალიანსის წევრი გიორგი ლომია გამოეხმაურა პუტინის პოზიციას – არ დაამტკიცოს დამატებითი სანქციები საქართველოს წინააღმდეგ. მან თქვა, რომ ეს “დიდი პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაა“. მანამდე პუტინმა პირდაპირი ფრენები აკრძალა რუსეთსა და საქართველოს შორის.

“ჩვენ ვაფასებთ რუსეთის პოზიციას, რომელიც არ აჰყვა ამ პროვოკაციებს, და ასევე პატივისცემას იმსახურებს ის გაწონასწორებული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო – მე ვიტყოდი, ეს დიდი პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაა. საქართველოს მოქალაქეები პატივისცემით მოეკიდნენ ამ ნაბიჯს“, – ამბობს გიორგი ლომია.

ლომია შეხვედრაზე ამბობს, რომ 20 ივნისის მოვლენები პროვოკაცია იყო, ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი უნდა შემსუბუქებულიყო. ეს კი თავის მხრივ რიგ პოლიტიკურ ძალებს არ აწყობდათ.

“სავიზო რეჟიმი უნდა შემსუბექულიყო, რაც საქართველოსთვის დიდი მიღწევა იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის შესახებ წინასწარ გაიგეს… სწორედ ამიტომ, ახლა ჩვენ არ ვაჟღერებთ იმ საკითხებს, რაზეც ვსაუბრობდით და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მივიღეთ.. რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთთან შესაძლოა სავიზო რეჟიმი შესუსტდეს, ჩვენ მივიღეთ ის არეულობა, რაც მოხდა და გრძელდება 20 ივნისის შემდეგ,

…… რაც შეეხება მომხდარ პროვოკაციებს,  საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის, ბატონი სერგეი გავრილოვის წინააღმდგ მოქმედებებს და ასევე რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ამაზრზენ გამოსვლას, ვთვლით, რომ ეს ყველაფერი უკიდურესად სახიფათო პროვოკაციაა, რომელიც დაგეგმა სააკაშვილის პარტიამ. ჩვენმა ხელისუფლებამ კი ეს დაუშვა. მათი მიზანია იმ პოზიტიური პროცესების ჩაშლა, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის მიმდინარეობს“, – განმარტავს გიორგი ლომია რუს დეპუტატებთან.

საქართველოს რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრიდავ აქვს გაუქმებული. საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ვიზიტისთვის ვიზა სჭირდებათ. სავიზო რეჟიმის გაუქმების წინაპირობად რუსეთის წარმომადგენლები ოფიციალურ კომენტარებში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ასახელებენ. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა თბილისის ინტერესებში არ შედის მანამ, სანამ მოსკოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას არ წაიღებს უკან.

შეხვედრებს მოსკოვში ასევე ესწრებოდა ადა მარშანიაც, რომელმაც განაცხადა, რომ მოსკოვში ქართველი ერის ინტერესების დასაცავადაა ჩასული, ჟურნალისტებთან კი დასძინა, რომ მომხდარი ქართულ ტრადიციებში არ ჯდება.

“ჩვენ აქ მოვდივართ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ნება გავაჟღეროთ – მისი სურვილი და მისი ბრძანება. საქართველოს მოსახლეობის დიდი  ნაწილი გვიბრძანებს, რომ ყველანაირად ვეცადოთ და დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რაც ჩვენ შორის მოხდა“, – ამბობს ადა მარშანია.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ერთადერთი პარტიაა, რომლის წევრი დეპუტატებიც ამ დრომდე მოსკოვთან პირდაპირ დიალოგს თანხმდებოდნენ და არაერთხელ იმყოფებოდნენ რუსეთში. რამდენიმე წლის წინ პატრიოტთა ალიანსმა აქეთ მოიწვია საქართველოში რუსეთის დუმის დელეგაცია ლეონიდ კალაშინკოვის ხელმძღვანელობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი