ახალი ამბები

20-21 ივნისს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

15 ივლისი, 2019 • 1024
20-21 ივნისს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20-21 ივნისს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, მათი დაკავება მოსამართლის  განჩინების საფუძველზე მოხდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე  განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ  ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე
თავდასხმას და უწევდნენ მათ წინააღმდეგობას, ორგანიზებულად, შტურმით  ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

კერძოდ: 1992 წელს დაბადებული პირი პოლიციელების მიმართ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით და ცდილობდა
მათთვის ფარის წართმევას. ასევე, მან ერთ-ერთი სამართალდამცავი კორდონიდან ხალხის მასაში გაათრია. 1979 წელს  დაბადებული პირი ფიზიკურად და სიტყვიერად  უპირისპირდებოდა სამართალდამცავებს და აგრესიულად ცდილობდა პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრას. მან სოციალურ ქსელში განათავსა 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან გადაღებული ვიდეო, სადაც ხალხს საგნების სროლით პოლიციის კორდონზე შტურმისკენ მოუწოდებს და სამართალდამცავებს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას.1996 წელს დაბადებული პირი სამართალდამცველს ურტყამდა რეზინის ხელკეტს და შეკრებილებს მოუწოდებდა პოლიციელებზე თავდასხმისკენ.  რაც შეეხება 1997 წელს დაბადებულ პირს, იგი მოქმედებდა განსაკუთრებული აგრესიით,
პოლიციელებს ართმევდა დამცავ ფარებს და  ფიზიკურ შეტევას ახორციელებდა მათზე”,-წერია განცხადებაში.

შსს-ში აცხადებენ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით მიმდინარეობს და სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში მოხდა მათი დაკავება.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების  იდენტიფიცირების პროცესს ინტენსიურად აგრძელებს. მტკიცებულებების მოპოვებისთანავე გაგრძელდება ქმედებებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას”,-აცხადებენ უწყებაში.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი