ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნოვაია გაზეტა: გიუმრის ტრაგედიის ბრალდებულის საქმეს რუსეთის სასამართლო განიხილავს

20 იანვარი, 2015 • 1104
ნოვაია გაზეტა: გიუმრის ტრაგედიის ბრალდებულის საქმეს რუსეთის სასამართლო განიხილავს

ინტერნეტგამოცემა წერს, რომ 19 იანვარს ორმხრივ მოლაპარაკებებზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ვალერი პერმიაკოვის სასამართლო პროცესი სომხეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო სასამართლოს მიერ გაიმართემა. გამოცემის ინფორმაციით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ სამხედრო მოსამსახურე სასჯელს რუსეთში მოიხდის.


12 იანვარს, ღამით, ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის ექვსი წევრი მოკლეს. ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, ექვსი თვის სერჟ ავეტისიანი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ერევანში 19 იანვარს გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვია, რომელმაც სომხეთის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, მკვლელობა აღიარა. პერმიაკოვი დაპატიმრებულია და გიუმრიში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე იმყოფება. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით არის აღძრული – დეზერტირობისთვის და მკვლელობისთვის.


მომხდარიდან ორი დღის შემდეგ სომხეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პერმიაკოვი რუსეთის მოქალაქეა და მისი გადაცემა სომხეთის სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მოხდება. 12 იანვარს საქმის გამოსაძიელბლად გიუმრიში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისია ჩავიდა. 14 იანვარს რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ არკადი ბახინმა განაცხადა, რომ რუსეთის 102-ე ბაზაზე საგამოძიებო კომისიის მუშაობა დასრულდა – წერს “კავკაზსკი უზელი“.


დამნაშავის სომხეთის მხარისთვის გადაცემის მოთხოვნით 13 იანვრიდან ერევანში, გიუმრიში და სომხეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები და გამოსვლები ეწყობა. გამოსვლების დროს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე შეტაკება მოხდა.


რადიო თავისუფლება ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 19 იანვარს, მას შემდეგ, რაც ექვსი თვის სერჟ ავეტისიანის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი, გიუმრიში შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ჯარები იქნა შეყვანილი.


მასალების გადაბეჭდვის წესი