ახალი ამბები

აფხაზური ოპოზიციის ლიდერი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

15 ივლისი, 2019 • 2035
აფხაზური ოპოზიციის ლიდერი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

აფხაზური ოპოზიციური ძალების ლიდერი ასლან ბჟანია, რომელიც ოჯახის წევრების განცხადებით, მოწამლეს და რამდენიმე თვეა მკურნალობს, უარს ამბობს დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და მხარდამჭერებს სხვა კანდიდატის, პარტია “ამცხარას” წევრ ალხას კვიცინიას მხარდაჭერას სთავაზობს.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია, რომელსაც დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობა სურდა, რამდენიმე თვის წინ რუსეთის სამედიცინო კლინიკაში მოხვდა. როგორც ბჟანიას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აცხადებდნენ, მათ გერმანიიდან ექსპერტიზის შედეგები მიიღეს, რომლის შესაბამისად, ბჟანია მოწამვლის შედეგად გახდა შეუძლოდ. ასლან ბჟანიასთან ერთად კლინიკაში მისი დაცვის ორი წევრიც მკურნალობდა. ასევე, ბჟანიას მხარდამჭერები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოძიებას მოითხოვდნენ. ამჟამად ბჟანია ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მკურნალობს.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია 21 ივლისის ნაცვლად 23 ნოემბერს მოითხოვდა. საბოლოოდ, სოხუმში ორდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, დე ფაქტო ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და არჩევნები 25 აგვისტოს დანიშნა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი