ახალი ამბები

უკრაინაში ქართველი მოხალისის დაღუპვას მისი თანამებრძოლი ადასტურებს

18 იანვარი, 2015 • 965
უკრაინაში ქართველი მოხალისის დაღუპვას მისი თანამებრძოლი ადასტურებს

მისი თქმით, ოპერაცია, რომლის დროსაც ქართველი მებრძოლი დაიღუპა, გუშინ საღამოს, 6 საათისთვის განხორციელდა დონეცკის აეროპორტის მახლობლად. მაყიშვილის ინფორმაციით, ამ შეტაკების დროს მისი თანამებრძოლები ორმაგ ცეცხლში მოყვნენ, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და სამი დაიჭრა.

 

“ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუშინ საღამოს შეტაკების დროს ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და სამი დაიჭრა მსუბუქად, დასტურდება ჩემი მხრიდან. მე მაქვს სრული ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს, 6 საათზე მოხდა შეტაკება 93-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის ასეულსა და რუს სამხედროებს შორის დონეცკის მიმართულებით დასახლებულ პუნქტ პესკებიდან. ეს ოპერაცია განხორციელდა იმისათვის, რომ გადაეტანათ ინტერესი მოწინააღმდეგისა უკრაინის მხარეს, რათა მომხდარიყო აეროპორტის გზის გახსნა, საიდანაც მოხერხდებოდა დაჭრილების გამოყვანა. მოგეხსენებათ, ბოლო სამი დღეა აეროპორტში მიმდინარეობს გამძვინვარებული ბრძოლა და ვერ ხერხდებოდა დაჭრილების გამოყვანა; ვერ ხერხდებოდა გარდაცვლილების გამოყვანა. აქედან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სხვადასხვა მიმართულებაზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს განეხორციელებინათ მცირე მასშტაბის შეტევები, რათა მომხდარიყო აეროპორტის ტერიტორიის გზის გახსნა. ამ მცირემასშტაბიანი შეტევის დროს, ჩვენთვის სამწუხაროდ, დაიღუპა ერთი ქართველი მებრძოლი და სამი დაიჭრა,” – განუცხადა “რუსთავი 2”-ს მაყაშვილმა.

 

მისი ინფორმაციით, დაჭრილია სამი ქართველი მებრძოლი, რომლებიც ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი: “დაჭრილები დღეისათვის თავს კარგად გრძნობენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ და დაღუპულს ალბათ ამ დღეებში სამშობლოში გადმოასვენებენ.”

 

მაყიშვილის თქმით, დაღუპული ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილია, რომელიც ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხადან იყო. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2012 წლამდე მსახურობდა და მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

 

ჯერჯერობით ქართული მხარე ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ საქართველოს საელჩოსთან უკრაინაში და დაღუპული ქარველი მებრძოლის შესახებაც არაოფიციალური წყაროებით ფლობენ ინფორმაციას. თუმცა უკრაინის ოფიციალური უწყებები მათ ამ ფაქტს ვერ უდასტურებენ და მიმდინარეობს მოკვლევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი