ახალი ამბები

ინციდენტი რუსთაველზე, აქციის დასრულებისას – დაწყებულია გამოძიება

12 ივლისი, 2019 • 1149
ინციდენტი რუსთაველზე, აქციის დასრულებისას – დაწყებულია გამოძიება

რუსთაველის გამზირზე გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციის დასასრულს ინციდენტი მოხდა. ორგანიზატორთა თქმით, აქციის დასრულებისას პარლამენტთან ორი ადამიანი გამოჩნდა, რომლებმაც დემონსტრანტებს აგინეს, შემდეგ კი ერთ–ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს–ს ცნობით, გამოძიება უკვე დაწყებულია.

აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორის, ლექსო მაჭავარიანის თქმით, ორი პირი, რომლებზეც აქციის მონაწილეები ეჭვობენ, რომ სუს–თან აქვთ კავშირი, ადგილზე დემონსტრაციის დასრულების შემდეგ გამოჩნდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ აქციის მონაწილეებს.

“მათ აგინეს აქციის მონაწილეებს, მოითხოვეს მუსიკის გათიშვა და აქციის დაშლა. 16 წლის ბიჭია, რომელიც აქციებზე გვეხმარება, ხშირად მოდის ხოლმე, სცემეს და ბეტონზე არტყმევინეს თავი”, – აღნიშნა მან.

მაჭავარიანის თქმით, ორივე პირი პოლიციამ გაიყვანა, თუმცა არ დაუკავებიათ. პასუხის მისაღებად კითხვაზე, თუ რატომ არ დააკავეს ისინი, ორგანიზატორები პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ, სადაც სამართალდამცავებს შესაბამისი ვიდეოები აჩვენეს.

“…გვითხრეს, შეჩერებული გვყავს ეს ორი პირიო. შეჩერებულს, როგორც ტერმინს, შესაბამისი კოდექსი არც იცნობს “, – ამბობს ლექსო მაჭავარიანი.

შსს–ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტში მონაწილე ადამიანები გამოკითხვაზე არიან გადაყვანილნი.

რაც შეეხება მოზარდს, რომელიც ინციდენტის დროს დაზარალდა, ლექსო მაჭავარიანის თქმით, მას, სავარაუდოდ, ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი