მნიშვნელოვანია, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ შეწყვიტოს ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დევნა; მას უნდა დაუბრუნონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ნება უნდა დართონ, თავისუფლად გადაადგილდებოდეს, — აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).
ახალგორის (ლენინგორის) რაიონულმა სასამართლომ, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ექვემდებარება, იქაურ აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს მოუხსნა ყველა ბრალდება, რასაც დე ფაქტო პროკურატურა ორი წლის განმავლობაში ედავებოდა. ამ ხნის განმავლობაში მას ფაქტობრივად დე ფაქტო საზღვრის კვეთის უფლება არ ჰქონდა.
„მიუხედავად ორი წლის განმავლობაში ფიზიკური და ეკონომიკური იზოლაციისა, შევიწროებისა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის და სხვა ფუნდამენტური უფლებების სისტემური დარღვევისა, თამარმა მეორედ შეძლო დაემტკიცებინა პროკურატურის ბრალდებების უსაფუძვლობა“, — წერს EMC.
ბრალდების მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილების ზედა ინსტანციაში გასაჩივრება შეუძლია. ამის გათვალისწინებით, ორგანიზაცია წერს, რომ მნიშვნელოვანია, შეწყდეს თამარ მეარაყიშვილის დევნა და „არსებითია, თამარს დაუბრუნდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და შეძლოს გადაადგილების თავისუფლებით სარგებლობა“.
EMC-ის თანახმად, სამხრეთ ოსეთის „საინფორმაცია იზოლაციის პირობებში, ახალგორში თამარ მერაყიშვილის ჟურნალისტური და აქტივისტური საქმიანობა მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების კუთხით“, რადგან თამარ მეარაყიშვილი „ინარჩუნებს კრიტიკულ პოზიციებს რუსეთის, დე ფაქტო რეჟიმის და ასევე საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაც მას მათ შორის, ადგილობრივ საზოგადოებაში ნდობას უჩენს და ადგილზე აქტივისტური ბრძოლის საინტერესო გამოცდილებას ქმნის“.
ორგანიზაცია წერს, რომ მეარაყიშვილის მიმართ უფლებათა დარღვევების საკითხი მათ არაერთხელ დააყენეს საქართველოს სახელმწიფო უწყებების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე. „რამდენიმე მიმართვის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თამარ მეარაყიშვილის უფლებების დარღვევა გახდეს იმ მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ნაწილი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია წარდგენილი“, — აცხადებს EMC.
ნახეთ დეტალები:
ახალგორელ აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს ყველა ბრალდება მოუხსნეს