ახალი ამბები

საპარტნიორო ფონდის რამდენიმე პროექტი შესაძლო კორუფციაზე კითხვებს აჩენს -TI

11 ივლისი, 2019 • 1258
საპარტნიორო ფონდის რამდენიმე პროექტი შესაძლო კორუფციაზე კითხვებს აჩენს -TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტებიდან რამდენიმე გარკვეულ კითხვებს აჩენს შესაძლო კორუფციის კუთხით .

TI-ის მიერ საპარტნიორო ფონდის საქმიანობაზე მომზადებულ კვლევაში წერია, რომ „საპარტნიორო ფონდის” მხარდაჭერილ ორ პროექტს, ქართული სანაშენე ღორის ფერმასა და კერამიკული აგურის ქარხანას, საერთო ბენეფიციარი ჰყავს. ვასილ ბაბლუანი ორივე პროექტში მონაწილე კომპანიებში ფლობს წილს. ამასთან, TI-ის ცნობით, ამ ორი პროექტის ბენეფიციარ კომპანიებთან სხვადასხვა გზით დაკავშირებულმა პირებმა 2013-2018 წლებში „ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს, ჯამში, 200 000 ლარამდე შესწირეს.

ორგანიზაციის ინფორმაციითვე, „საპარტნირო ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტი შპს „იტონგ კავკასუსი“ ქართული ოცნების” წევრთან, ივლიანე წულაიასთან არის დაკავშირებული. კვლევის თანახმად, წულაია და მისი ბიზნესპარტნიორები სახელისუფლებო პოლიტიკური ჯგუფის მსხვილი დონორები არიან. კერძოდ,  2016-2018 წლებში „ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს, ჯამში, 700 000 ლარზე მეტი შესწირეს.

რაც შეეხება ფონდის ერთ-ერთ დასრულებულ პროექტს,  Radisson Collection-ის სასტუმროს წინანდალში, რომლის ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარი იყო, სახელმწიფო ფონდმა სასტუმროს მშენებლობა 10 მლნ აშშ დოლარით დააფინანსა. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „სილქ როუდ“ ჯგუფია (Silk Road Group S.A.), რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილია. “სილქ როუდ” ჯგუფი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიაა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში მიიჩნევენ, რომ უმჯობესი იქნება, თუ კანონის დონეზე აიკრძალება „საპარტნიორო ფონდის” სახსრების ისეთ იურიდიულ პირებზე გაცემა, რომლებიც რეგისტრირებული არიან ოფშორულ ზონაში, ასევე, იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

არასამთავრობო ორგანიზაცია იზიარებს თავად საპარტნიორო ფონდის პოზიციას და აცხადებს, რომ  ფონდის დაფინანსების სისტემა უნდა შეიცვალოს. TI-ში მიაჩნიათ, რომ „საპარტნიორო ფონდის” სტაბილური საინვესტიციო საქმიანობისთვის საჭიროა, მისი დაფინანსება მდგრადი და პროგნოზირებადი იყოს. ამასთან, „ფონდი” არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფო კომპანიების მოგებაზე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეულ ზღვრებში მას გამოეყოს ფიქსირებული დაფინანსება, ხოლო სახელმწიფო კომპანიების მოგება პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდეს.

“ამ რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში, „საპარტნიორო ფონდმა”, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებამ, ყოველ საბიუჯეტო წელს უნდა წარუდგინოს მთავრობას და პარლამენტს მიმდინარე და მომავალი საინვესტიციო პროექტების დეტალური ანგარიში, რის საფუძველზეც დაუმტკიცდება მომავალი წლის ბიუჯეტი. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის „ფონდზე” საპარლამენტო ზედამხედველობას და მის ანგარიშვალდებულებას. გაიზრდება ფონდის ხარჯების გამჭვირვალობა (ხელფასები, პრემიები, სამივლინებო ხარჯები)”,-აღნიშნულია კვლევაში.

 საპარტნიორო ფონდის საქმიანობაზე მომზადებულ კვლევაში წერია, რომ 2017 წელი სხელმწიფო ფონდმა 482 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. TI-ის ცნობით, ფონდის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგება ჯერ არ გამოქვეყნებულა. 

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

საპარტნიორო ფონდის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა, რომლის შემოსავლის ძირითად წყაროს სახელმწიფო საწარმოები წარმოადგენს. ფონდი შემდეგ სახელმწიფო კომპანიებს ფლობს:

  • სს „საქართველოს რკინიგზა” – 100%
  • სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” – 100%
  •  სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” – 100%
  • სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” – 100%
  •  სს „თელასი” – 24.5%

შესაბამისად, „საპარტნიორო ფონდის” შემოსავლების ძირითად ნაწილს ხუთი სახელმწიფო კომპანიის დივიდენდები წარმოადგენს, ასევე, საინვესტიციო პროექტებიდან მიღებული შემოსავალი. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მომზადებული კვლევის თანახმად, 2017 წელი ზარალით დაასრულა საქართველოს რკინიგზამ და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ.

2017 წელს „ფონდმა” მის აქტივებში შემავალი კომპანიებიდან დივიდენდის სახით 27.3 მლნ ლარი მიიღო, ხოლო 2016 წელს – 12.7 მლნ ლარი. „ფონდი” დივიდენდს მაშინ იღებს, როდესაც ბენეფიციარ კომპანიას მოგება რჩება.

კვლევის მიხედვით, ფონდის მიერ 2017 წლის ზარალით დასრულება „საქართველოს რკინიგზისა“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ აქტივების გაუფასურებამ გამოიწვია.

“მიუხედავად იმისა, რომ „საპარტნიორო ფონდის”საქმიანობა ორი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება: აქტივების მართვა და შემოსავლის ორივე წყარო წლიდან წლამდე შეიძლება მნიშვნელოვნად იცვლებოდეს, შესაბამისად, ასეთი სისტემა „ფონდის” შემოსავლებს არაპროგნოზირებადს და მეტწილად სესხებზე დამოკიდებულს ხდის. ამასთანავე, „ფონდი” ვერ ერევა მის აქტივებში შემავალი კომპანიების მართვაში და არ არის პასუხისმგებელი ამ კომპანიების მიერ მიღებულ შედეგებზე. ეს „ფონდის” საქმიანობას, მათ
შორის კაპიტალის მოზიდვას, შეიძლება აფერხებდეს, რადგან ინვესტორებისთვის „ფონდის” ფინანსური მდგრადობა და პროგნოზირებადობა ძალიან მნიშვნელოვანია. ფონდი სახელმწიფო კომპანიებს ვერ მართავს და მხოლოდ მის დივიდენდზეა დამოკიდებული”, – წერია კვლევაში. 

რაც შეეხება საინვესტიციო საქმიანობას, ამ ეტაპზე „ფონდის” პორტფელში არსებული პროექტების ჯამური ღირებულება 2.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება, საიდანაც „ფონდის” ინვესტიციების წილი 330 მლნ დოლარია. 2019 წლის მონაცემებით, დასრულებულია „ფონდის” 14 პროექტი, ხოლო 5 მიმდინარეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი