ახალი ამბებისამართალი

მიხეილ კალანდიას ოჯახი შს მინისტრის მოადგილისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს

11 ივლისი, 2019 • 3708
მიხეილ კალანდიას ოჯახი შს მინისტრის მოადგილისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ოჯახი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა ითხოვს.

ბრალდებულის ძმა, ლუკა კალანდია ამბობს, რომ ნათია მეზვრიშვილის “ცრუ განცხადების” გამო, თითქოს მიხეილი ქალაქიდან გარბოდა, არ ცვლის მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებას.

სინამდვილეში, სასამართლოზე მოვდიოდით… ამის ცნობაც არსებობს და ყველანაირი მტკიცებულებებიც. ამიტომ მოვითხოვ, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში [ნათია მეზვრიშვილმა]. გააკეთოს განცხადება, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია, ან ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. თქვას, რა და როგორ იყო და შემდეგ ვილაპარაკოთ დანარჩენზე. როდესაც მოსამართლე მსჯელობს აღკვეთის შეცვლაზე და ასაბუთებს იმით, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე, როცა წელიწადნახევარი ბავშვი აქ იყო, ქალაქში, არსად გადიოდა და ყველა პროცესზე ცხადდებოდა, რამ გამოიწვია ეს მიმალვის საფრთხე – ჩნდება ლოგიკური კითხვა,” – განუცხადა ჟურნალისტებს ლუკა კალანდიამ პროცესის დაწყებამდე.

დღეს, 11 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლე მერაბ ჯობენაძემ სხდომა დახურა.

სხდომის დახურვაზე შუამდგომლობაც ბრალდების მხარემ დააყენა. პროკურორის თქმით, მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობისას, ასევე, სხვა ეტაპზეც, პროცესზე მოუწევდათ არასრულწლოვნების პერსონალური ინფორმაციის გახმიანება და გარკვეულ მტკიცებულებებზე საუბარი, რომელიც მკვლელობის ძირითად საქმეშია. შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა.

დღევანდელ სხდომაზე მსჯელობენ იმის შესახებ, უნდა გადაეცეს თუ არა საქმე არსებითი განხილვისას სხვა მოსამართლეს და თუ გადაეცემა, რა მტკიცებულებებით. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ საქმეში ძველ მტკიცებულებებთან ერთად წარმოდგენილია ახალი, 2019 წლის მტკიცებულებებიც.

ადვოკატ ანა კოტეტიშვილის თქმით, მიხელ კალანდიას პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობს. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

  • ქავერის ფოტოზე: ლუკა კალანდია – მიხეილ კალანდიას ძმა. სქრინი: რუსთავი 2

მასალების გადაბეჭდვის წესი