ეს რ2-ის დასასრულის დასასრულია – საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი პუტინის გინებაზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღამაიძე მიიჩნევს, რომ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის გინებაზე საზოგადოების რეაქცია სამართლიანია და ეს ამ ტელეარხის დასასრულია.

“საზოგადოებაში ამ გადაცემის გამო გამოწვეული ნეგატიური დამოკიდებულება შეუძლებელია, რაიმე რუსულ ნარატივს მიაწეროს ვინმემ. ამ მცირე სიუჟეტში რ2-მა ქართული კულტურისა და ეთიკისათვის სრულიად მიუღებელი სულმდაბლობის გამოვლინება მოახერხა, მკრეხელობაზე მეტი რომ აღარაფერი ვთქვათ.

ეს რ2-ის დასასრულის დასასრულია, დასასრულის დასაწყისი კი ეკლესიის ღია დისკრედიტაციით დაიწყო”, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პირად ფეისბუკ-გვერდზე.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი იხსენებს საპატრიარქოს მიერ რუსთავი 2-ისთვის ერთი წლის წინ გამოცხადებულ ბოიკოტს. დეკანოზი ამბობს, რომ საპატრიარქო წლებია მოთმინებით იტანდა “დაუსრულებელ პროვოკაციულ, მტრულ და ცილისმწამებლურ კამპანიას, ხოლო როდესაც ღვთისმშობლისადმი შეურაცხმყოფელ და მაცხოვარის მკრეხელურ მოხსენიებამდე მივიდა საქმე, მათთან თანამშრომლობა შეუძლებელი გახდა”.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მოსაზრებით, რუსთავი 2 მზად არის, საკუთარი თავის გადასარჩენად ბევრ ადამიანს შეუქმნას პრობლემები.

“საკუთარ თავზე აგრესიის გამოწვევის ტაქტიკა და საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობა პირველად არ ხორციელდება მათი მხრიდან.

შესაძლოა აქამდე ვინმეს მიაჩნდა, რომ რ2-ისადმი ბოიკოტი მხოლოდ მათი საპატრიარქოსადმი დამოკიდებულებით იყო განპირობებული, თუმცა უკვე ნათელია, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა,მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილი და ერთგვარი ფორმაა მთელი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიისა”, – წერს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.