ახალი ამბები

ქარტია შსს-ს მოუწოდებს, ჟურნალისტების მიერ აქციების თავისუფლად გაშუქება უზრუნველყოს

9 ივლისი, 2019 •
ქარტია შსს-ს მოუწოდებს, ჟურნალისტების მიერ აქციების თავისუფლად გაშუქება უზრუნველყოს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, აქციებზე ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყოს.

“ქარტიისთვის ცნობილი გახდა, რომ 8 ივლისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე 2 აქციის გაშუქებისას დემონსტრანტთა ნაწილი აგრესიული იყო ჟურნალისტების მიმართ, ხელს უშლიდა მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას. რეპორტიორების დაცვის ნაცვლად, სამართალდამცავები მათ ურჩევდნენ ტერიტორიის დატოვებას. ამასთან, ჟურნალისტები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის უწევთ ახსნა, თუ რატომ არის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა დანაშაული”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიუთითებს, რომ ანტისაოკუპაციო აქციის საპირისპიროდ გამართული დემონსტრაციის მონაწილეთა აქტივობების გაშუქებისას ჟურნალისტების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება ბოლო პერიოდში გახშირდა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა ადგილზე მომუშავე რეპორტიორების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო, მიუხედავად ამისა, ამგვარი ფაქტები აღკვეთილი არ ყოფილა.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის, როგორც ჟურნალისტური გაერთიანებისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს თითოეული ჟურნალისტის უსაფრთხოება, რათა მათ შეძლონ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება და საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე მოვლენების შესახებ. მოგმართავთ თხოვნით, მიაწოდეთ ინფორმაცია თითოეულ სამართალდამცავს იმის შესახებ, რომ საქართველოს კანონმდებლობით დაცულია ჟურნალისტის საქმიანობა, რეპორტიორები იმყოფებიან დემონსტრაციაზე არა როგორც მხარდამჭერები, არამედ მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისთვის. სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება. დაიცავით ჟურნალისტები სხვადასხვა პირთა აგრესიული ქმედებებისგან და მიეცით საშუალება თავისუფლად გააშუქონ მიმდინარე მოვლენები”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი