ახალი ამბები

“ტაბულას” მძღოლი პოლიციაშია, უცნობია აქციის აპარატურის ბედი

9 ივლისი, 2019 • 960
“ტაბულას” მძღოლი პოლიციაშია, უცნობია აქციის აპარატურის ბედი

„მანქანა სად არის, არავინ იცის, მანქანაში იყო აქციის აპარატურაც, ჩვენი აპარატურაც და სხვა მედიის შტატივებიც“, – ამბობს  „ტაბულას“ რედაქტორი სალომე უგულავა.

საუბარია იმ პიკაპზე, რომელზეც ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა წუხელ სახელდახელო სცენა მოაწყვეს და იქედან მიმართავდნენ აქციის მონაწილეებს.

„ტაბულა“ წერს, რომ გამოცემის მძღოლი დათო ჭეიშვილი, რომელსაც ავტომანქანაში ანტისაოკუპაციო აქციის აპარატურა ეწყო, პოლიციამ გაიტაცა. გამოცემის ცნობით, წუხელ რუსთაველზე შეკრებილები სწორედ „ტაბულას“ კუთვნილ პიკაპზე მოწყობილი სახელდახელო სცენიდან მიმართავდნენ.

მათივე ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა „ტაბულას“ უთხრეს, რომ აპარატურის მანქანაში მოთავსება უკანონოა. „ტაბულა“ წერს, რომ დათო ჭეიშვილის დახმარების საშუალება არც ადვოკატს ეძლევა.

ნეტგაზეტის კითხვაზე, თუ სად არის ტექნიკა, რომელიც ავტომანქანაში იყო, ან ავტომობილი, შსს-ში გვეუბნებიან, რომ ამ კითხვებზე პასუხს მოგვიანებით გაგვცემენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით კი, ონლაინგამოცემა „ტაბულას“ მძღოლი დათო ჭეიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. „გამოკითხვაზეა მძღოლი, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლით, ავარია მოახდინა და გადაიყვანეს გამოკითხვაზე“,  – უთხრა შსს პრესსამსახურმა “ნეტგაზეთს”.  პოლიცია არ აკეთებს კომენტარს, ჰყავს თუ არა ჭეიშვილს ადვოკატი და რომელ განყოფილებაში იმყოფება დაკითხვაზე.

გუშინ, 8 ივლისს, სამართალდამცველებმა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს საშუალება არ მისცეს პარლამენტის სცენასთან აპარატურა აეწყოთ, პარალელურად რუსთაველის გამზირი ჰომფობიურმა ჯგუფებმა დაიკავეს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ უნდა შეწყვეტილიყო ანტისაოკუპაციო აქციები და გიორგი გახარია არ უნდა გადამდგარიყო.

შენიშვნა: ტაბულას ცნობით მძღოლმა ამ დროისთვის [12:35] უკვე თავისუფალია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი