ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის წამყვანის გინება არც ჟურნალისტურ ეთიკაში და არც ქართველი მამაკაცის ლექსიკაში არ ჯდება.

“არ მეგულება არავინ, ვისაც შეიძლება მოეწონოს ეს საქციელი. ეს იყო უხამსი, მავნებლური და ყოველგვარ ზღვარს გადასული პროვოკაცია. ეს არანაირად არ ჯდება არც ჟურნალისტურ ეთიკაში და არც ქართველი მამაკაცის ლექსიკაში”,-აცხადებს თურნავა.

თურნავამ არ უპასუხა ჟურნალისტის კითხავას, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეხებოდა. დღეს, 8 ივლისს, გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ ამჟამად, განსხვავებით 20 ივნისის [გავრილოვის ინციდენტი] შემთხვევისგან, საქართველოს ხელისუფლებას “რადიკალების გამართლება” არ დაუწყია.

“საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ თავში იპოვა ძალა, გაემიჯნა პროვოკრატორებს და შეაფასა მათი ქმედებები. ვხედავთ სამართლიან აღშფოთებასაც, რომლითაც ქართულმა საზოგადოებამ მომხდარი მიიღო.”


ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 7 ივლისის გადაცემა რუსულ ენაზე დაიწყო და  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა, მათ შორის- გარდაცვლილი დედა და მამა. არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ მალევე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია გამოხატვის ამგვარი ფორმა. ბოდიში მოიხადა “კვირის აქცენტების” წამყვანმა ეკა კვესიტაძემაც.

რუსთავი 2-ის წამყვანის მიერ პუტინის გინებას მყისიერად გამოეხმაურნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი და შეაფასეს როგორც პროვოკაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა. კახა კალაძემ ისიც განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვონ, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ჟურნალისტის საქციელი შეაფასონ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა ბოდიში მოიხადა გაბუნიას გინების გამო, ამასთანავე, განაცხადა, რომ “კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს და მუქარებს საპასუხო მკაცრი რეაგირების თაობაზე”.