ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“რადიო თავისუფლების” აზერბაიჯანის სამსახურმა მაუწყებლობა ნაწილობრივ განაახლა

9 იანვარი, 2015 • 985
“რადიო თავისუფლების” აზერბაიჯანის სამსახურმა მაუწყებლობა ნაწილობრივ განაახლა


7 იანვარს ეთერში გავიდა ნახევარსაათიანი პროგრამა “თავისუფლება პირდაპირ ეთერში” (Azadliq LIVE). რადიომაუწყებლობას პრაღიდან ყოველდღე, ბაქოს დროით 20:00 საათზე განაგრძობს. მისი მოსმენა შესაძლებელია “რადიო თავისუფლების” აზერბაიჯანული სამსახურის ვებ გვერდზე – წერს “კავკაზსკი უზელ“-ი.

 

Azadliq LIVE-ის პირველ პროგრამაში შედგა დისკუსიები 2015 წელს ახალი აქციზის მოსაკრებელთან დაკავშირებულ შესაძლო ფასების ზრდაზე, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სროლებსა და პარიზში ჟურნალ “შარლი ებდო”-ს რედაქციაზე ტერორისტული თავდასხმის შესახებ. გადაცემის წამყვანებმა წაიკითხეს ასევე “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას წერილი კურდახანის საგამოძიებო იზოლატორიდან.


ვვარაუდობთ საეთერო დროის გაზრდას – ნათქვამია “რადიო თავისუფლების” აზერბაიჯანის სამსახურის შეტყობინებაში.

 

დახურვამდე რადიოსადგური ბაქოს ბიუროდან პირდაპირ ეთერში ყოველდღე 3-5 საათის განმავლობაში მაუწყებლობდა.

 

“რადიო თავისუფლების” ბაქოს რედაქციის დახურვის გამო აზერბაიჯანის ხელისუფლება ამერიკელმა კონგრესმენმა ბილ კიტინგმა გააკრიტიკა.

 

“მე უკიდურესად შეშფოთებული ვარ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ამერიკულ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაზე და ასევე დამოუკიდებელ მასობრივი ინფორმაციის საშუალებაზე თავდასხმის გამო”, – ნათქვამია კონგრესმენის განცხადებაში – წერს “contact.az”-ი.

 

2014 წლის 26 დეკემბერს რადიო თავისუფლების ბაქოს ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. პროკურატურაში დაიბარეს და დაკითხეს თანამშრომლები. სამართალდამცავი ორგანოები ამ ქმედებებს ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებული გამოძიებით ხსნიან.
“რადიო თავისუფლების” აზერბაიჯანის სამსახური კი აცხადებს, რომ  მათი მუშაობა სრულიად გამჭვირვალე იყო და გადასახადებს დოულად იხდიდნენ.

 

2014 წლის ზაფხულიდან აზერბაიჯანში დაიწყო დაპატიმრებების სერია. დააპატიმრეს ოპოზიციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და უფლებადამცველები.


  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი