ახალი ამბები

მცირე სასტუმროებისთვის კრედიტის თანადაფინანსების გადაწყვეტილება მივიღეთ – თურნავა

8 ივლისი, 2019 • 1001
მცირე სასტუმროებისთვის კრედიტის თანადაფინანსების გადაწყვეტილება მივიღეთ – თურნავა

სახელმწიფო მცირე  სასტუმროებისთვის საბანკო კრედიტის თანადაფინანსებას აპირებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ კონკრეტული კრიტერიუმები, რის საფუძველზეც დაფინანსება მოხდება, ასევე, რამდენი პროცენტით შევა ბიუჯეტი თანადაფინანსებაში, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

“ჩვენ შევისწავლეთ, რა გასაჭირი უდგას მცირე სასტუმროებს. ეს მოწყვლადი სეგმენტია, რომელიც რუსული აკრძალვების პირობებში დარტყმის ქვეშ დგება. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღეთ, მათი საბანკო სესხების თანადაფინანსებაში მივიღოთ მონაწილეობა. ამ შეხვედრების დროს მთავარი, რაც მათგან მესმოდა, იყო ის, რომ საბანკო სესხი მათთვის მნიშვნელოვანი ფინანასური ტვირთი იყო, ამიტომ სახელმწიფო კრედიტის პროცენტის თანადაფინანსებაში შევა”, – აცხადებს თურნავა.

ამას გარდა, ეკონომიკის მინისტრი ირწმუნება, რომ ქვეყანა ძალიან აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას დაიწყებს, რომლის მთავარი გზავნილი საქართველოს, როგორც ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის განმტკიცება იქნება.

სახელმწიფოს მხრიდან კრედიტის თანადაფინანსებას ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე დადებითად აფასებს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება რუსული ემბარგოსგან მიღებულ ზარალს გარკვეულწილად შეამცირებს.

“ამ შემთხვევაში საუბარია პატარა და საშუალო ზომის სასტუმროებზე. ძალიან ბევრ მათგანს საკრედიტო სახსრები კომერიცული ბანკებიდან აქვს აღებული. ხშირ შემთხვევაში კი, აშშ დოლარში. ახლა სახელმწიფო აპირებს შევიდეს ამ კრედიტების პროცენტის თანადაფინანსებაში. ვფიქრობ, ეს საკმაოდ ქმედითი და კარგი ნაბიჯი იქნება”, – ამბობს ფხაკაძე.

8 ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი