ერთ-ერთმა გამოცემამ ვიდეოარქვიში იპოვა მივიწყებული ინტერვიუ, რომელშიც სახედაფარული კაცი ამბობს, რომ ანონიმურობა გრაფიტის არტისტისთვის აუცილებელია და ფსევდონიმად „ბენქსი“ აქვს შერჩეული. ბენქსი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ანონიმი ქუჩის არტისტია.
ეს ინტერვიუ, გამოცემა ITV-ის თანახმად, 2003 წელს არის ჩაწერილი, — მანამ, სანამ მისი მნიშვნელოვანი გამოფენა მოეწყობოდა; კადრებში ჩანს, როგორ დააქვს არტისტს კედელზე შავი მწერის სტენსილი; ასევე, როგორ ხატავს ჩვილ ბავშვს კუბიკებთან ერთად, რომლებზეც წერია: „დახოცე მეტი“. ამავე გამოცემის თანახმად, ორივე ნამუშევარს ბენქსის მიაწერენ.
„ვიმალები, რადგან არ შეიძლება, გრაფიტის არტისტი იყო და თან ხალხს ენახებოდე. ეს ორი რამე ერთმანეთს ვერ ეწყობა“, — ამბობს 2-წუთიან ვიდეოში არტისტი, რომელსაც ბეისბოლის კეპი ახურავს და სახის ნახევარი მაისურით აქვს დაფარული. ის სულ 35 წამის განმავლობაში საუბრობს.
კლიპი ITV-ის თანამშრომელმა რობერტ მერფიმ აღმოაჩინა, როდესაც ბენქსის შესახებ მასალებს ეძებდა. მან საძიებო სისტემაში ჩაწერა „ინტერვიუ ბენქსისთან“ და გაოცდა, როდესაც ამ ვიდეოს გადააწყდა.
თუ ეს მართლა ბენქსია, გამოდის, რომ ეს პირველი და უკანასკნელი სატელევიზიო ინტერვიუა, რომელიც მსხვილი გამოცემისთვის მიუცია.
ბენქსი გრაფიტის არტისტია. მისი ვინაობა უცნობია. მისი ნამუშევრები — პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და სხვა თემატიკის გრაფიტები, სტენსილები, ა.შ — სატირულია. მისი ნამუშევრების საბაზრო ფასი მილიონობით გირვანქა სტერლინგს აღწევს.