ახალი ამბები

ძამას ხეობაში დისკრიმინაციაზე განცხადების შემდეგ, ქარელის ვიცემერმა პოსტი დატოვა

5 ივლისი, 2019 •
ძამას ხეობაში დისკრიმინაციაზე განცხადების შემდეგ, ქარელის ვიცემერმა პოსტი დატოვა

ქარელის ვიცემერმა ნუგზარ დაბრუნდაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ნუგზარ დაბრუნდაშვილმა პოსტი პირადი განაცხადების საფუძველზე დატოვა.

თავად დაბრუნდაშვილი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს.

“არავითარი მიზეზი, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავედი”, – უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

დაბრუნდაშვილმა უარყო ინფორმაცია, რომ მისი გადაწყვეტილება რამენაირად უკავშირდება ძამას ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას სასულიერო პირების მხრიდან ეკომიგრანტი აჭარლების შევიწროების თაობაზე. დაბრუნდაშვილის თქმით, ამ თემაზე სასულიერო პირებთან ან სხვასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

ნუგზარ დაბრუნდაშილმა “ქართლის სტუდიაში” სტუმრობისას განაცხადა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხეობა ათობით ეკომიგრანტმა ოჯახმა დატოვა, რისი მიზეზიც სასულიერო პირების მიერ ადგილობრივ მცხოვრებლებზე განხორციელებული ზეწოლაა. ქარელის ხელისუფლების მაღალჩინოსანი ამბობს, რომ სასულიერო პირები ადგილობრივებს არა მარტო რელიგიური, არამედ სხვა ნიშნითაც დევნიან. მისი თქმით, თუ  3-4 წლის წინ გვერძინეთის სკოლაში 60 ბავშვი სწავლობდა, ახლა მათი რიცხვი მხოლოდ 11-ს აღწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი