ახალი ამბები

ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი უერთდება სამართლიან პროტესტს – პირველი არხის წამყვანი

5 ივლისი, 2019 • 5435
ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი უერთდება სამართლიან პროტესტს – პირველი არხის წამყვანი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის “ღამის შოუ პირველზე” წამყვანმა, ბაჩო ქაჯაიამ სეზონის ბოლო გადაცემის დაწყებამდე პირველი არხის ეთერში ტელემაყურებელს მიმართა, რომ მისი შემოქმედებითი ჯგუფი უერთდება სამოქალაქო საზოგადოების სამართლიან პროტესტს და აღშფოთებას გამოხატავს იმაზე, რა ფორმითაც აქცია დაშალეს.

გადაცემის ჩანაწერის ეთერში გასვლამდე, ტელემიმართვისას, ბაჩო ქაჯაიას მავრთულხლართებით მოხატული მაისური ეცვა, რომელსაც “რუსეთი ოკუპანტია” ეწერა.

მე და ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი ვუერთდებით იმ სამართლიან პროტესტს, რომელიც გამოიწვია 20 ივნისს პარლამენტში რუსი ოკუპანტების მისვლამ. ასევე, მინდა გამოვხატო ჩვენი აღშფოთება, რა ფორმითაც მოხდა იმავე საღამოს აქციის დაშლა. მინდა ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო, როგორც სამოქალაქო, ასევე, სამართალდამცველების მხრიდან. დღეს “ღამის შოუ პირველზე”-ს სეზონის ბოლო გადაცემაა. შესაბამისად, მე ეთერიდან გემშვიდობებით. აქვე მინდა გითხრათ, რომ ვუერთდები ძალიან კარგ კანპანიას “გაატარე ზაფხული საქართველოში”. იმედი მაქვს, ქვეყანაში მდგომარეობა მალე დასტაბილურდება, ბევრი თქვენგანი შემოუერთდება და ერთმანეთს შევხვდებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში”, – მიმართა მაყურებელს გადაცემის წამყვანმა.

როგორც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, სეზონის ბოლო გადაცემა ჩაწერილია 19 ივნისს, თუმცა 20 ივნისს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო 4 ივლისს გავიდა ეთერში.

ნეტგაზეთი ბაჩო ქაჯაიას დაუკავშირდა კითხვით, ამ ან სხვა ფორმატით იხილავდა თუ არა მის გადაცემას ტელემაყურებელი კვლავ პირველი არხის ეთერით, ან ამ საკითხზე ჰქონდა თუ არა მოლაპარაკებები საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რაზეც დაზუსტებული პასუხი ჯერჯერობით არ ვიცით.

ბაჩო ქაჯაიამ აღნიშნა, რომ “ახალი სეზონიდან “ღამის შოუ პირველზე” “წესით და რიგით დაუბრუნდება ეთერს”.

ნეტგაზეთი საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორს, თიკო ბერძენიშვილსაც დაუკავშირდა კითხვით, გავა თუ არა კვლავ ეთერში მომდევნო სეზონიდან “ღამის შოუ პირველზე”. მან გვითხრა, რომ ახალი სეზონიდან ძალიან ბევრი ცვლილებები ექნება პირველ არხს. მისი თქმით, ახალი სეზონის გადაცემები ჯერ სამეურვეო საბჭოსთან არ არის შეთანხმებული და წინასწარ ვერ გვეტყვის პასუხს.

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქციები მაინც არ წყდება და მინისტრი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი