ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღის კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

5 იანვარი, 2015 • 1187
ყარაბაღის კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

2015 წლის დაწყებისთანავე კონფლიქტის მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ ერთმანეთს ყოველდღიურად ადანაშაულებენ. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 იანვრიდან 5 იანვრის დილამდე აზერბაიჯანის მხარემ დაახლოებით 350-ჯერ გახსნა ცეცხლი. მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგე იყენებს არა მარტო მცირეკალიბრიან იარაღს, არამედ ყუმბარმტყორცნებსა და ნაღმმტყორცნებს – წერს “კავკასკი უზელი”. 


თავის მხრივ, აზერბაიჯანის მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 83-ჯერ დაარღვია. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგის ცეცხლს საპასუხო ცეცხლით პასუხობენ.


აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა  ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. 



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი