ახალი ამბები

კერძო საკუთრების ფასადზე საპროტესტო ბანერის დროებით განთავსება კონსტიტუციურია – სასამართლო

4 ივლისი, 2019 •
კერძო საკუთრების ფასადზე საპროტესტო ბანერის დროებით განთავსება კონსტიტუციურია – სასამართლო

2019 წლის 4 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1271 კონსტიტუციური სარჩელი („ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

მოსარჩლეები ასაჩივრებდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმას, რომლითაც ისჯება თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება. კერძოდ, მათ არაკონსტიტუციურად მიაჩნდათ ბანერის, ლოზუნგის ან პლაკატის სპონტანურად და ხანმოკლე ვადით განთავსების აკრძალვა, ერთი მხრივ, მესაკუთრის მიერ ან მისი თანხმობით კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტზე და, მეორე მხრივ, საკრებულოს წევრის მიერ მისთვის სამუშაოდ გამოყოფილი სივრცის ფასადზე. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა გამორიცხავდა სპონტანური პროტესტის პირობებში გამოხატვის შესაძლებლობას და არათანაზომიერად ზღუდავდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას.

მოპასუხე მხარე (პარლამენტი) მიუთითებდა, რომ პირებს არ აქვთ საჯარო სივრცით სარგებლობის უპირობო და შეუზღუდავი უფლება. ამასთან, სადავო ნორმა ზღუდავს გამოხატვის მხოლოდ ერთ ფორმას და არ ვრცელდება კომუნიკაციის სხვა ალტერნატიულ ფორმებზე. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ პლაკატების, ლოზუნგების და ბანერების თუნდაც სპონტანურად, დროებით განთავსებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას თვითმმართველი ერთეულის იერსახეს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კერძო საკუთრებაში არსებული ობიექტის ფასადზე პლაკატის, ლოზუნგისა და ბანერის მესაკუთრის მიერ ან მისი თანხმობით განთავსება იკრძალებოდა მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვის მიზნით. მუნიციპალიტეტის იერსახის შენარჩუნება განსაკუთრებულად ფასეული სიკეთეა. ამავდროულად, ამა თუ იმ შენობის ფასადი განეკუთვნება ისეთ საჯარო სივრცეს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს აზრის გამოსახატად. ამავდროულად, მიმდინარე, აქტუალური მოვლენების შესახებ მოსაზრების გამოხატვისას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროულობას, პროტესტის ნებისმიერი დროით დაყოვნებამ კი, შესაძლოა, იმდენად შეამციროს მისი ეფექტურობა, რომ ფაქტობრივად აზრი დაუკარგოს მას.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პლაკატის, ლოზუნგის და ბანერის ნორმალური გამოყენების პირობებში, როგორც წესი, ისინი არ ტოვებენ ხანგრძლივ და წარუშლელ კვალს შენობის ფასადზე. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვის საპირწონე ვერ იქნება ამა თუ იმ შენობა-ნაგებობის იერსახის ხანმოკლე, დროებითი სახეცვლილება. შესაბამისად, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმის ის შინაარსი, რომელიც კრძალავდა მესაკუთრის მიერ ან მესაკუთრის თანხმობით მის საკუთრებაში არსებულ ობიექტზე ბანერის, ლოზუნგის ან პლაკატის სპონტანური საპროტესტო აქციის ფარგლებში ხანმოკლე ვადით განთავსებას.

პლაკატების, ლოზუნგების და ბანერების საკრებულოს შენობის ფასადზე განთავსებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა უკავშირდება სპეციფიკურ ობიექტს.  კერძო მესაკუთრის მიერ მისი კუთვნილი შენობა-ნაგებობით სარგებლობისგან განსხვავებით, საკრებულოს წევრს არ აქვს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოების თანხმობა, განათავსოს საკრებულოს შენობის ფასადზე რაიმე ობიექტი. მუნიციპალიტეტს აქვს განსაკუთრებული ინტერესი, რომ მისმა უფლებამოსილმა, ლეგიტიმურმა ორგანოებმა სათანადო დანიშნულებით მოიხმარონ ესა თუ ის საჯარო რესურსი და არ მისცენ შესაძლებლობა ამა თუ იმ პირს, თვითნებურად ისარგებლონ ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებით. ამდენად, საკრებულოს წევრის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესი ვერ გადაწონის ადგილობრივი თვითმმართველობის მომეტებულ ინტერესს, რომ მისი ქონება არ იქნეს უნებართვოდ გამოყენებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის ეს შინაარსი არ ეწინააღმდეგებოდა  საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი