ახალი ამბები

მოქალაქე ამბობს, რომ საფულე იპოვა, პოლიციაში მიიტანა და დააკავეს

4 ივლისი, 2019 •
მოქალაქე ამბობს, რომ საფულე იპოვა, პოლიციაში მიიტანა და დააკავეს

მოქალაქე ამბობს, რომ მისი ახლო ნათესავი სამართალდამცველებმა იმის შემდეგ დააკავეს, რაც მან დაკარგული საფულე დააბრუნა. ამჟამად მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, საქმის არსებითი განხილვა კი სასამართლომ 19 აგვისტოს ჩანიშნა.

პროკურატურაში ამობენ, რომ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარედგინა.

ნეტგაზეთი ესაუბრა დაკავებულის ადვოკატს, რომელმაც გვითხრა, რომ სპეკულაციებისგან თავის ასარიდებლად ყველა მტკიცებულების შესახებ ვერ ისაუბრებს, თუმცა, მისივე თქმით, საგამოძიებო უწყებამ დაკავებულის მიმართ საქმე უსამართლოდ წარმართა.

თავდაპირველად დაკავებულის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკზე მისმა ნათესავმა გამოაქვეყნა. ქალი ჰყვება, რომ 14 ივნისს ბრალდებული მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ერთ-ერთ სუპერმარკეტში იმყოფებოდა, სადაც მცირე ზომის ჩანთა იპოვა, რომელშიც საბუთები, საბანკო და სამორინე ბარათები ეწყო.

ბრალდებულის ნათესავის თქმით,  საფულის პატრონმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ჩანთაში ფული არ იდო, თუმცა შემდგომ ეს ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ მას 1300 აშშ დოლარამდე ჰქონდა.

ქალი ჰყვება, რომ პოლიციამ საფულის პატრონის ჩვენება საკმარის სამხილად არ მიიჩნია და საქმეს ხურავდა, როცა პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით მიმართა.

ნეტგაზეთს დაკავებულის ადვოკატი კახა მუმლაძე უყვება, რომ ისინი აღკვეთის ღონისძიებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ. მისივე განმარტებით, საქმეში დევს სამეთვალყურეო კამერის მიერ გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, რომ დაკავებულს დაკარგული საფულე პოლიციაში მიაქვს.

“პოლიციამ აღწერა ყველაფერი და შემდგომ, 16 დღის შემდეგ, გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომ ეს პიროვნება უნდა დააკავონ. და რისთვის? საფულის მფლობელი პირველ ჩვენებაში ამბობს, რომ ფული ჯიბეში მედო და ხელს მიშლიდა ეს ე.წ. ბარსეტკა, ამიტომ დავდე და დამრჩაო. თუმცა, ზუსტად არ იცოდა, სად დარჩა საფულე, ის უბრალოდ ვარაუდობდა აღნიშნული სუპერმარკეტის შესახებ.

თავდაპირველი ჩვენებებიდანაც ჩანს, რომ ის ფულს არ კითხულობდა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო ის დოკუმენტები [უცხო ქვეყნის მოქალაქეა], რომელიც საფულეში დარჩა. თუმცა შემდგომ შეცვალა ჩვენებები, მეორე დღეს კი თქვა, რომ საფულეში ფული მქონდაო“, – ამბობს კახა მუმლაძე

ადვოკატი ჰყვება, რომ საქმეში არ არის მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც თანხის წარმომავლობის შესახებ რაიმე ინფორმაცია დადგინდებოდა. მისი განმარტებით, ბრალდებული შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, სამართალდამცველებმა სწორედ ამიტომ დააკავეს ის.

“მხოლოდ მისი ნასამართლეობა აქვთ, თორემ, სხვა არანაირი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებდა, არ არსებობს“,- ამბობს ნეტგაზეთთან კახა მუმლაძე.

რაც შეეხება პროკურატურის პასუხს, ნეტგაზეთს უყებაში უთხრეს, რომ დაკავებული ქურდობის ბრალდებით 4-ჯერ არის ნასამართლევი, ამჟამად კი იმყოფებოდა პირობით მსჯავრისა და შინაპატიმრობის ქვეშ.

პროკურატურა ამბობს, რომ საფულეში, რომელიც უწყების მტკიცებით, ბრალდებულმა მოიპარა, 3 600 ლარი იდო. ის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 30 ივნისს დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი