ახალი ამბები

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ყაზახ ბიზნესმენს ღირსების ორდენი ჩამოართვა

4 ივლისი, 2019 • 2171
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ყაზახ ბიზნესმენს ღირსების ორდენი ჩამოართვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზახ ბიზნესმენს, მუხტარ აბლიაზოვს ღირსების ორდენი ჩამოართვა. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება 2019 წლის მაისით თარიღდება.

“2017 წლის 7 ივნისს მუხთარ აბლიაზოვი და მისი თანამზრახველები ალმაატის სპეციალიზირებული სარაიონთაშორისო სასამართლოს მიერ გასამართლებულ იქნენ და ცნობილ იქნენ დამნაშავედ „ბთა“ ბანკის (რომლის მმართველიც იყო აბლიაზოვი) ფულადი სახსრების განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიტაცება – ლეგალიზებასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექნაში.

ამასთან, ამავე წლის 16 მარტს აბლიაზოვის თანამზრახველი გასამართლებულ იქნა ტატიშევის (აბლიაზოვის ყოფილი პარტნიორი) მკვლელობისათვის და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო აბლიაზოვის საქმე მკვლელობის ორგანიზების ნაწილში გამოყოფილ იქნა ცალკე წარმოებად და დაიწყო გამოძიება.

საქართველოს პრეზიდენტს 2018 წლის 9 ივლისს შესაბამისი რეაგირებისათვის მომართა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და ადმინისტრაციაში წარმოადგინა ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურიდან წარმოდგენილი წერილი შესაბამისი საქმის მასალებით.

აბლიაზოვისათვის ჯილდოს ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება, „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა 2019 წლის 8 აპრილს, რაც თანახელმოწერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ”, – ნათქვამია ნეტგაზეთისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოგზავნილ წერილში.

რაც შეეხება მუხლს, რომლითაც პრეზიდენტმა იხელმძღვანელა:

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევა შეუძლია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს დაჯილდოებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს შეურაცხმყოფელი საქციელის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარმდგენი დაწესებულების/ორგანოს შუამდგომლობით.

აბლიაზოვი, რომელიც ახლა საფრანგეთში ცხოვრობს, ყაზახეთის “ბი-თი-ეი” ბანკის ყოფილი ხელმძღვანელია.

თავად მუხტარ აბლიაზოვი ბრალდებებს უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

აბლიაზოვი, რომელიც 2009 წლიდან საზღვარგარეთ ცხოვრობს, ყაზახეთის გარდა, უკრაინასა და რუსეთშიც იძებნება. ყოფილ ბანკირს ამ ქვეყნებში ყაზახური ბანკიდან მილიარდების მითვისებას ედავებიან. როგორც BBC წერს, თავად აბლიაზოვს მიაჩნია, რომ ტრანზაქციები კანონიერად განხორციელდა. დევნის საფუძვლად ის ნურსულთან ნაზარბაევის კრიტიკას მიიჩნევს.

თავად ბი-თი-ეი ბანკი ირწმუნება, რომ 2009 წელს ბანკში ჩატარებულმა აუდიტმა დარღვევა აღმოაჩინა, აბლიაზოვი კი ცდილობს “თავი პოლიტიკური მოტივებით დევნილად გამოაცხადოს და ამით მისი უკანონო ქმედებები დამალოს”. სანამ ბანკს ჩაუდგებოდა სათავეში, 2003 წელს, რუსეთში ცხოვრობდა. ამჟამად ის საფრანგეთში იმყოფება.

რადიო თავისუფლების ცნობით, აბლიაზოვს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორდენი 2006 წელს მიანიჭა. ამავე წელს, civil.ge-ის ცნობით, აბლიაზოვი საქართველოში მსხვილ ინვესტიციებს აანონსებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი