ახალი ამბებიგართობახელოვნება

ქალთევზა არიელს ახალი სახე ექნება

4 ივლისი, 2019 • 3681
ქალთევზა არიელს ახალი სახე ექნება

დისნეის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ქალთევზა მაყურებელს ახალი სახით მოევლინება. „პატარა ქალთევზას“ განახლებულ ვერსიაში არიელის როლს ფერადკანიანი მომღერალი ჰოლი ბეილი მოირგებს. ამის შესახებ “hollywoodreporter“ წერს.

მაყურებელთა შეფასებით, მსახიობის შერჩევისას მიღებული გადაწყვეტილება მასშტაბურია არა მარტო არიელის პოპულარობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ გასული 30 წლის განმავლობაში დისნეის ყველა პრინცესის სახე სწორედ პატარა ქალთევზას გარეგნობის დეტალებს იმეორებდა, ახლა კი ეს იცვლება.

2015 წელს სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვრცელი პოსტი მიუძღვნა დისნეისა და პიქსარის ანიმაციებში ქალი პერსონაჟების სახეების იდენტურობას. იგი ირწმუნებოდა, რომ მაშინ როცა მამაკაცი პერსონაჟების სახეები ხშირად იყო განხსვავებული, პრინცესათა გარეგნობაში მცირე განსხვავების პოვნაც კი ძნელი იყო. მისი მტკიცებით, ყველა მათგანს მრგვალი ლოყები, გიგანტური მრგვალი თვალები და პატარა ცხვირი ჰქონდა.

როგორც vox.com წერს, დისნეის ამ გადაწყვეტილებით დასრულდება „მსგავსი სახეების სინდრომი“ ანიმაციებში და თეთრკანიანი, წითელთმიანი ქალთევზა, რომლითაც 30 წლის განმავლობაში განისაზღვრა სხვა პერსონაჟების სახე, ახლა გადაიქცევა ფერადკანიან გოგონად.

„პატარა ქალთევზას“ პირველი ეკრანიზაცია 1989 წელს შედგა. არიელის ისტორიამ დიდი პოპულარობა მოიპოვა. ახლა მისი ამბავი ცოცხალ ანიმაციად იქცევა და რეჟისორი რობ მარშალი იქნება. ამ დროისთვის უცნობია, როდის შედგება პრემიერია.


ავტორი: თემო მელიქიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი