საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 27 ივნისს დამატებით 20 ათასი ბოთლი [0.5-ლიტრიანი] წყალი ტენდერის გარეშე იყიდა. შესყიდვების გვერდზე გაკეთებულ განაცხადში აღნიშნულია, რომ „თბილისში მიმდინარე პროცესების დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ევალებათ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს, რომელთა უზრუნველყოფა ხდება სასმელი წყლით“. სამინისტროს ინფორმაციით, სასმელი წყლის მთელი წლის მარაგი ივნისის თვის ბოლოს სრულად ამოიწურა.
შსს აცხადებს, რომ სასმელი წყლის შესყიდვის მიზნით, ყოველი წლის დასაწყისში ცხადდება შესაბამისი ელექტრონული ტენდერი. „ტენდერის დაგეგმვისას ვითვალისწინებთ როგორც წინა წლების გამოცდილებას, ასევე, დაგეგმილი სწავლებების რაოდენობას და მასშტაბურობას [სასმელი წყლით უზრუნველყოფა ხორციელდება საჩვენებელი – ტაქტიკური სწავლებების დროსაც]“.
მიმდინარე წლის თებერვალში სამინისტრომ 155 000 [0.5-ლიტრიანი] პლასტმასის და ამავე მოცულობის 1 800 ცალი მინის ბოთლი წყლის მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან. სახელშეკრულებო თანხა 38 550 ლარი იყო. მიწოდების ვადა კი – 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მიმდინარე წლის 25 ივნისისთვის, „სასმელი წყლის მარაგი სრულად იქნა ათვისებული და პარალელურად გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი [აუქციონის გარეშე], თუმცა გასათვალისწინებელია ქ. თბილისში განვითარებული მოვლენები, რომელიც წინასწარ განსაზღვრული ვერ იქნებოდა. აქედან გამომდინარე, გამარტივებული შესყიდვით მოხდება მხოლოდ იმ ნაწილის შესყიდვა, რომელიც აუცილებელია სატენდერო პროცედურების დასრულებამდე“, – აცხადებს შსს.
შსს-ს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის წერილით ირკვევა, რომ 2019 წლის 26 ივნისის მდგომარეობით სასმელი წყლის „ნაშთი მინიმუმამდე იყო დასული“.
„ქ. თბილისში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, სატენდერო პროცედურების დასრულებამდე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში მონაწილე სამინისტროს მოსამსახურეების სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით გთხოვთ თქვენს განკარგულებას შესაბამის სამსახურზე, რათა შეძლებისდაგვარად შემჭიდროებულ ვადებში შეძენილი იქნას 20 000 ცალი სასმელი წყალი [დაფასოებული 0.5-ლიტრიან პლასტმასის ბოთლებში, შესაბამისი მარკირებით…]“ – აღნიშნულია ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის წერილში, რომელიც სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორს გაეგზავნა.
შსს-მ ახალი ტენდერი მიმდინარე წლის 25 ივნისს გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 5 ივლისს დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება. სამინისტრო ამჯერად 100 ათას ბოთლ სასმელ წყალს შეისყიდის, რისთვისაც სატენდერო თანხა 25 ათასი ლარია. „საქონლის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით, შსს-ს მოთხოვნის შესაბამისად“, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტში. თუმცა „ნეტგაზეთს“ შსს-ს სატენდერო კომისიაში უთხრეს, რომ არის ტექნიკური უზუსტობა და მიწოდების ვადა უნდა იყოს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა იქნება 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით.