ახალი ამბები

საზოგადოება “ივერია” საქართველოში რუსეთის ტელეარხების ნაწილის აკრძალვას მოითხოვს

30 დეკემბერი, 2014 •
საზოგადოება “ივერია” საქართველოში რუსეთის ტელეარხების ნაწილის აკრძალვას მოითხოვს

“ბატონო გიორგი, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიას, რომელიც შეუწყვეტლად ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ 1990 წლიდან, თან სდევს საინფორმაციო ომი, რომლის მიზანი არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელყოფა.

 

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს საწინააღმდეგოდ დაწყებული საინფორმაციო ომი რეალური ომია, რომელიც ომისთვის დამახასიათებელი ყველა მეთოდის გამოყენებით მიმდინარეობს. ეს ომი ამავე დროს “ჰიბრიდული ომის” შემადგენელი ნაწილია სადაზვერვო და ტერორისტულ ოპერაციებთან, ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და ფინანსურ ომებთან ერთად. საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ამ ომის იდეოლოგიურ საფუძველს “პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების შეზღუდული სუვერენიტეტის” რუსული დოქტრინა წარმოადგენს. მოსკოვი საინფორმაციო ომში აქტიურად იყენებს “Первый канал”-ს, «Russia Today»-ს, „НТВ’’-ს, „Россия-24’’-ს, ВГТРК-ს, «Голос России»-ს, “Звезда”-ს, “Планета”-ს და ა. შ. ხსენებული და სხვა ტელეარხების შემთხვევაში საქმე გვაქვს არა ტრადიციულ ჟურნალისტიკასთან, არამედ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან და სადაზვერვო ორგანოებთან მჭიდროდ ასოცირებულ სახელმწიფო ორგანიზაციებთან.

 

დეზინფორმაცია, ინფორმაციული აგრესია, ინფორმაციული სპეცოპერაცია, ინფორმაციული ბლოკადა – ეს რუსული ტელეარხების არსენალის არასრული ჩამონათვალია. მათი მოქმედების შედეგია: საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური კონტროლის დაწესება, საზოგადოებრივი აზრის მართვა, საინფორმაციო ნაკადების სასურველი მიმართულებით წარმართვა, საზოგადოების მუდმივი დეზინფორმირება, რუსული ინტერესების ლობირება, დემოკრატიული სახელმწიფოების, მათი გაერთიანებების და საქართველოს დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესის დისკრედიტაცია, ეროვნულ პოზიციებზე მდგომი პოლიტიკური ძალების შანტაჟი, ერთა შორის შუღლის გაღვივება, ძალადობისკენ წაქეზება, ინფორმაციული ტერორიზმი და საზოგადოების მუდმივ ისტერიაში ყოფნა.

 

საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის რუსული ოკუპაციის და მოსკოვის პერმანენტული სამხედრო-ტერორისტული აგრესიის საფრთხის პირობებში ჩვენი ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ინტერესის დაცვის, კერძოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, მათ შორის საინფორმაციო უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის XXXVII და XXXVII1 თავებით გათვალისწინებული რიგი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული ინფორმაციის გავრცელების შემზღუდავი ღონისძიების გამოყენებით წინასწარი გამოძიების დაწყება საქართველოს სსკ-ის 319, მუხლი 3221 და მუხლი 3222 მუხლებით. გთხოვთ დაუყოვნებლივ მოახდინოთ სათანადო რეაგირება და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გვაცნობოთ კანონით დადგენილ ვადაში”, – ნათქვამია “ივერიის” განცხადებაში.


მიმდინარე წლის ბოლოს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძეც გამოვიდა ინიციატივით – საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს  რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიების ტირაჟირება, რომლებიც საქართველოს საკაბელო ტელევიზიების ქსელში რამდენიმეწლიანი შეზღუდვის შემდეგ გამოჩნდა.


სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კანონმდებლობით დაცულია.კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების თანახმად, “ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია , გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით; მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია; სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება”. თუმცა იურისტი ნათია კაპანაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ იმავე კონსტიტუციით, ამ უფლების შეზღუდვა შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის დაინტერესებულმა უნდა დაასაბუთონ, რა საზოგადოებრივი საფრთხე იქმნება რუსეთის სახელმწიფო არხების საქართველოში რეტრანსლირებით.



მასალების გადაბეჭდვის წესი