ახალი ამბები

ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების სტატისტიკა

29 დეკემბერი, 2014 •
ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების სტატისტიკა

2 დეკემბერს IDFI-იმ საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა 2006 – 2014 წლებში რეგისტრირებული და გახსნილი ოჯახში დანაშაულის სტატისტიკის, კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრების მკვლელობების და მკვლელობის მცდელობების  შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. ორგანიზაციის ინფორმაციით, პროკურატურამ განაცხადა, რომ 2009 წლამდე ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია არ მოეპოვებათ, ხოლო რეგისტრირებული და გახსნილი დანაშაულების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მისაღებად ორგანიზაცია შსს-სთან გადაამისამართეს. ამ უწყებიდან ინსტიტუტს პასუხი დღემდე არ მიუღია.

ოჯახში ძალადობის სტატისიკის ვიზუალიზაცია ავტორი: IDFI
ოჯახში ძალადობის სტატისიკის ვიზუალიზაცია ავტორი: IDFI

 

“რაც შეეხება საქართველოს პროკურატურიდან მოწოდებულ ინფორმაციას, მიღებული მონაცემების მიხედვით 2009-2014 წლებში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობათა ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების 45 შემთხვევა ფიქსირდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველაზე მეტი, 19 შემთხვევა ფიქსირდება 2014 წლის საწყისი 11 თვის განმავლობაში. შედარებისთვის, 2011 წელს აღნიშნული ხასიათის დანაშაულზე პროკურატურის მიერ დევნა არც ერთხელ არ დაწყებულა”,-ვკითხულობთ ორგანიზციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურიდან მიღებული მონაცემების მიხედვით 2009-2014 წლებში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების 45 შემთხვევიდან 16 შემთხვევა ფიქსირდება თბილისში, ხოლო დანარჩენი 29 შემთხვევა -რეგიონებში.

“აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ზოგადად მკვლელობებზე დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის 2014 წლის 11 თვის მაჩვენებლები არ არის გამორჩეული განვლილ წლებთან შედარებით, თუმცა მნიშვნელოვნად გაზრდილია მასში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების პროცენტული წილი.”

IDFI-იმ ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია მოითხოვა უშუალოდ მეუღლეთა შორის დაფიქსირებული შემთხვევების და მსხვერპლის სქესის დაკონკრეტებით, თუმცა, როგორც პროკურატურამ განმარტა, აღნიშნული ხასიათის სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება მათ მიერ არ ხორციელდება.


მასალების გადაბეჭდვის წესი