ახალი ამბები

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის: მაესტროს მოვლენები აშკარა სარედაქციო კრიზისზე მიუთითებს

29 დეკემბერი, 2014 • • 1180
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის: მაესტროს მოვლენები აშკარა სარედაქციო კრიზისზე მიუთითებს

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხუთმა ცნობილმა ტელეწამყვანმა და ოცამდე თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად დატოვა არხი;  დაიხურა და სახეცვლილება განიცადა თითქმის ყველა გადაცემამ, რომელიც ქმნიდა „მაესტროს“ სახეს.

 

“ეს მოვლენები მიუთითებს აშკარა სარედაქციო კრიზისზე იმ არხზე, რომელიც არის რეიტინგით მესამე ტელეარხი საქართველოში, გამოირჩევა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკითა და ინოვაციური პროექტებით.

 

მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. იმ ფონზე, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დამოუკიდებელი მედია ცდილობს თავი დაიცვას გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდისგან, ხოლო რუსეთის აგრესიული საინფორმაციო პოლიტიკა კიდევ უფრო დიდ მასშტაბს იძენს, უფრო შემაშფოთებელი ხდება „მაესტროდან“ წამოსული ჟურნალისტების მითითება არხის შესაძლო „იდეოლოგიზირების“ საფრთხეზე”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. 

 

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ “კოალიცია ყურადღებით დააკვირდება ტელეკომპანია „მაესტროს“, როგორც ქართული მედიაგარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილის,  მომავალ სარედაქციო პოლიტიკას, ისევე, როგორც სხვა ტელეკომპანიების სარედაქციო დამოუკიდებლობის ხარისხს საქართველოში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი