ახალი ამბები

აქციის დაშლა არც მომხდარა, ეს იყო მოგერიება – კახა კალაძე

3 ივლისი, 2019 • 1348
აქციის დაშლა არც მომხდარა, ეს იყო მოგერიება – კახა კალაძე

“აქციის დაშლა არც იგეგმებოდა და არც მომხდარა. ეს იყო მოგერიება, როდესაც განხორციელდა შტურმი, თავდასხმა პოლიციაზე და შტურმი პარლამენტის შენობაზე”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება რეალობას კარგად ხედავს.

“გვახსოვს ჩვენ, როგორ განვითარდა მოვლენები. თქვენ თუ გინდათ, რომ არ დავინახოთ, რეალურად რა იყო და როგორ იყო, ეს სხვა თემაა, მაგრამ საზოგადოება ამას ხედავს. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ფაქტი, რომელიც მოხდა, დამახინჯებულად, არასწორად მიაწოდოს მოსახლეობას. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ შეგვიძლია გავყვეთ ქრონოლოგიურად, როგორ ვითარდებოდა მოვლენები და რატომ დაიწყო შეტევა, რომელი განცხადებების, ვისი მოწოდებების შემდეგ დაიწყო, ეს ყველაფერი თქვენ მიერ გადაღებულია და საზოგადოებამ არაერთხელ იხილა“, – განაცხადა კახა კალაძემ.


20 ივნისს, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის დელეგაციის ვიზიტს საქართველოს ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მოჰყვა. ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით, რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით და ა.შ. დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი