ახალი ამბები

აქციის მონაწილეები ჰონგ-კონგის პარლამენტში შეჭრის შემდეგ ლიდერის გადადგომას ითხოვენ

2 ივლისი, 2019 • 1903
აქციის მონაწილეები ჰონგ-კონგის პარლამენტში შეჭრის შემდეგ ლიდერის გადადგომას ითხოვენ

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები უკვე სამი კვირაა არ წყდება. მიზეზი არის კანონპროექტი მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირების ჩინეთში ექსტრადირების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ კანონპროექტის განხილვა გარკვეული ვადით შეაჩერა, აქტვისტები უკან დახევას არ აპირებენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოში პირველ ივლისს, იმ დროს შეიჭრნენ, როცა ჰონგ-კონგის ჩინეთის შემადგენლობაში გადასვლის 22 წლისთავი აღინიშნებოდა. აქციის მონაწილეებმა ჩაამსხვრიეს შუშები, კედლებზე გააკეთეს წარწერები და სხდომათა დარბაზში ბრიტანეთის კოლონიის დროინდელი დროშა გამოფინეს. პარალელურად კი, ქალაქის ცენტრის რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს. მაშინ, როდესაც ჰონგ-კონგის მმართველი კერი ლამი დროშის აღმართვის ცერემონიას ატარებდა, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გაუშვა. კერი ლამმა დემონსტრანტების  ქმედება დაგმო.

„ჩვენ ვიხილეთ ორი სრულიად განსხვავებული სცენა: ერთი იყო მშვიდობიანი და რაციონალური მსვლელობა, მეორე იყო შემზარავი, შოკისმომგვრელი და კანონსაწინააღმდეგო სცენა,“ – განაცხადა კერი ლამმა.

ჯერჯერობით უცნობია, საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად არიან თუ არა დაშავებულები და დაპატიმრებულები. 

როგორ ვითარდებოდა მოვლენები ჰონგ-კონგში

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები 9 ივნისს დაიწყო. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ კანონპროექტს, რომელიც მძიმე დანაშუალებში ბრალდებული პირების ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადაცემას ითვალისწინებს. აქციაში 9 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პოლიციამ მათი დაშლა წიწაკის სპრეისა და ხელკეტების გამოყენებით მოახერხა.

12 ივნისს საპროტესტო აქციის ახალი ტალღა დაიწყო. დემონსტრანტებმა სამთავრობო შენობების მახლობლად გზები გადაკეტეს, პოლიციელებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ. სახელმწიფოს მოთხოვნის მიუხედავად, ისინი უკან დახევას არ აპირებდნენ. პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. BBC-ის ინფორმაციით, 72 ადამიანი დაშავდა, მათი ასაკი 15-დან 66 წლამდე მერყეობდა. აქციების მიმდინარეობის გამო 100-ზე მეტმა ბიზნესკომპანიამ განაცხადა, რომ ოფისები დაიხურებოდა, რათა თანამშრომლებს აქციებში მონაწილეობის საშუალება მისცემოდა.

16 ივნისს ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კერი ლამმა მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა, კანონპროექტის განხილვა კი გარკვეული ვადით შეაჩერა.

„ძალიან დამწუხრებული ვარ, რადგან ვხედავ ახალგაზრდების ასეთ განწყობას. ჰონგ-კონგი ყოველთვის იყო ცივილიზებული მშვიდობის და რაციონალური მიდგომის ადგილი. ეჭვგარეშეა, რომ ტრადიციის კანონპროექტი წინააღმდეგობრივია. საზოგადოებრივი შეშფოთების მოსახსნელად აუცილებელია ახსნა-განმარტების მიცემა და კომუნიკაცია. ზოგიერთი ამბობს, რომ ჰონგ-კონგს ვღალატობ, როგორ შემიძლია ამის ჩადენა. მე აქ დავიბადე და გავიზარდე“,- განაცხადა კერი ლამმა.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ კანონპროექტი შეაჩერა, 16 ივნისის აქციაში ორმა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დემონსტრანტები მის საერთოდ გაუქმებასა და კერი ლამის გადაყენებას ითხოვდნენ. მათი თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში, ჩინეთის გავლენა ჰონგ-კონგზე გაიზარდა. 16 ივნისის აქცია მშვიდობიანად დასრულდა. პოლიციელები უკან იხევდნენ, რათა ქალაქის ქუჩებში ხალხს გასვლა შეძლებოდა.

27 ივნისს მომიტინგეებმა ქუჩები კვლავ გადაკეტეს. მათ გადაკეტეს იუსტიციის სამინისტროს შენობა, რის გამოც თანამშრომლებს ოფისის დატოვება მოუხდათ. დემონსტრანტემა ამერიკის პრეზიდენტს სიტყვით მიმართეს და მოუწოდეს, რომ ჰონგ-კონგის საკითხი დიდი ოცეულის სამიტზე დააყენოს. 

1997 წელს ჰონგ-კონგს დიდი ბრიტანეთის კოლონიის სტატუსი ჩამოერთვა და ჩინეთის შემადგენლობაში იმ პირობით შევიდა, რომ მას ექნებოდა ავტონომია. გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, ის გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მიიღებდა. ლიდერების დაპირება ასეთი იყო – ჰონგ-კონგი, მაკაო და შეერთების შემთხვევაში ტაივანი, შეინარჩუნებდა პრინციპს – „ერთიანი ქვეყანა, ორი სისტემა“.

მთავარ ფოტოზე: ჰონგ-კონგის საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი. ავტორი: EPA-EFE/RITCHIE B. TONGO

მასალების გადაბეჭდვის წესი