ახალი ამბები

National Geographic და MIR Corporation საქართველოს მიმართულებით ტურებს დაგეგმავენ

1 ივლისი, 2019 • 931
National Geographic და MIR Corporation საქართველოს მიმართულებით ტურებს დაგეგმავენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, MIR Corporation ამერიკული ტუროპერატორ National Geographic -თან ერთად საქართველოს მიმართულებით ტურებს დაგეგმავენ. სამინისტროს ცნობითვე, ამ ტურებით ისარგებლებენ  ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების, ახალი ზელანდიისა და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნების მოქალაქეები.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას შეფასებით, რუსული სანქციების ფონზე ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.

“ჩვენ მივესალმებით ისეთი პროექტის განხორციელებას, რომელიც შეძლებს გაზარდოს საქართველოში ამერიკელი, კანადელი, ახალზელანდიელი და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა. ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ პროექტს და მიგვაჩნია, რომ მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ზრდას ინგლისურენოვან ქვეყნებში როგორც უნიკალური ბუნების, კულტურის, ღვინის და, რაც მთავარია, უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებას.”


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართულებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის.

ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.

ამასთან, ტუროპერატორებისთვის და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაციისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შეეხება.

რუსეთის ამგვარი რეაქცია მოჰყვა საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლის შემდეგ დაწყებულ  პროტესტს – გავრილოვს პარლამენტის შენობა დაატოვებინეს, თბილისში კი ანტისახელისუფლო და რუსეთის ოკუპაციის საწინააღმდეგო მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი