ახალი ამბებირეკლამა

თიბისი TKT.GE -ს საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა

1 ივლისი, 2019 • 2411
თიბისი TKT.GE -ს საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა

თიბისიმ ბილეთების შეძენის ონლაინ პლათფორმა TKT.GE – ში თავისი წილი 26 % – დან 55 %-მდე გაზარდა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. თიბისიმ TKT.GE -ს 26 % -იანი წილი ერთი წლის წინ შეიძინა.  მხარეებს შორის გარიგება სრულად შეესაბამება თიბისის გადახდების ბიზნესის, ეკოსისტემების განვითარების და რეგიონში ექსპანსიის სტრატეგიას.

ონლაინ პლათფორმა  TKT.GE 2015 წელს შეიქმნა და დაარსებიდან 3 წლის თავზე მინიმალური კაპიტალით და ძლიერი გუნდის დამსახურებით უპირობო ლიდერი გახდა ქართულ ბაზარზე. ამ ხნის  განმავლობაში, სხვადასხვა ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვით და მომხმარებელზე ზრუნვით. TKT.GE – მ შეცვალა მომხმარებლის ქცევა,  თუ ადრე მხოლოდ ბილეთების 30% იყიდებოდა ონლაინ, დღეს ეს რიცხვი 80%-ს აჭარბებს.

მუდმივად განვითარებადი პლათფორმის და გამოცდილი, პროფესიონალური გუნდის დახმარებით, TKT.GE – მ წარმატებით ჩაატარა 3000-მდე ღონისძიება, მათ შორის მსოფლიო დონის A Class-ის არტისტების მონაწილეობით.  TKT.GE – ს მენეჯმენტი მზად არის მომხმარებლებს ახალ ქვეყნებში მოემსახუროს, უახლოეს მომავალში იგეგმება უზბეკეთის ბაზარზე შესვლა და სხვადასხვა ინოვაციური სიახლეები ქართველი მომხმარებლებისთვის.

„ჩვენი პროდუქტისთვის საინტერესოა ის ბაზრები, სადაც თიბისი, როგორც ციფრული ბანკი აპირებს შესვლას. ჩვენი პროდუქტი ერთერთი მნიშვნელოვანი ბლოკი იქნება ახალ ბაზრებზე საცალო მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სერვისების შესათავაზებლად,“ – განაცხადა TKT.GE – ს გენერალურმა დირექტორმა ლევან კილაძემ.

„TKT.GE -ს და TBC-ს გვაქვს საერთო ხედვა და სინერგიები სტრატეგიაში – გავუმარტივოთ მომხმარებელს ცხოვრება და სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით, მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ სერვისები. თიბისის გადახდების ეკოსისტემის სტრატეგია თანხვედრაშია TKT.GE -ს სამომავლო ხედვებთან, ამიტომ გვჯერა, რომ ჩვენი პარტნიორობით სასიამოვნო სიახლეებს მივაწოდებთ მომხმარებლებს,“ – განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

TKT.GE -ს ტექნიკური პლატფორმა შექმნილია კომპანია „ლემონდუს“ მიერ, რომელიც რჩება შპს „ონლაინ თიქეთსის“ მმართველ პარტნიორად და თიბისი ბანკთან ერთად იზრუნებს კომპანიის სამომავლო სტრატეგიის განხორციელებაზე. „ლემონდუ“ არის წარმატებული IT კომპანია მსოფლიო ბაზარზე, რომელმაც არაერთი ტექნოლოგიური სტარტაპი შექმნა და განავითარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი