“რაც შეეხება მაესტროს, რა თქმა უნდა, მე წარმოდგენა არ მაქვს, რაზე საუბრობთ და მთავრობა, ხელისუფლება აბსოლუტურად არ ერევა მაესტროს საქმიანობაში და არც მაქვს არანაირი სურვილი. რაღა მაინცდამაინც მაესტრო? თუ ჩარევაა, სხვაგან ჩავერეოდით. გულწრფელად ვსაუბრობ,”– უპახუხა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.
კითხვაზე, თუ რომელი ტელევიზიის საქმიანობაში ჩაერეოდა, პრემიერმა უპასუხა, რომ “პირველ არხზე, მაგალითად, მაგრამ არ ვერევით, იქაც აბსოლუტური დამოუკიდებლობაა”
პერმიერ–მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არის გამონაკლისი მთავრობა მსოფლიოში იმით, რომ მედიის საქმიანობაში არ ერევა.
“სპეკულაციებით საუბრები იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ერევა ამა თუ იმ ტელევიზიაში, ჯერ ერთი, ამის არც ერთი ფაქტი არ გაქვთ არავის, არც ერთი მაგალითი. ის, რომ დღეს მართლაც ვართ გამონაკლისი მთავრობა მთელს მსოფლიოში, მთავრობა, რომელიც არ მართავს, – იმ კუთხით, რომ არ ვერევით არც ერთი მედიის საქმიანობაში და არც ერთ მედიასაშუალებას არ ვფლობთ და არ ვაკონტროლებთ. ამ კუთხით ვართ გამონაკლისი და მე არ მიგულისხმია სხვა,”– განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ერთადერთი ტელევიზია, რომელიც ხელისუფლებასთან ასოცირდებოდა, მეცხრე არხი იყო, რომელიც ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე დახურა.
“მე გარწმუნებთ, ჩვენ რომ გვქონდეს ტეკლევიზია, ის ქაოსი, რაც ხდება მედიასაშალებებში და ის დაძაბული ფონი, რაც არის, ეს, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა. თუ არის კონტროლირებადი მედია, თუ არის კონტროლირებადი ტელევიზია, იქ რეალულად ყველაფერი იქნებოდა სხვანაირად”.
ღარიბაშვილის თქმით, მედიაში დღეს მიზანმიმართული ქაოსია, ხდება სიცრუის ტირაჟირება და “მუდმივად დეპრესიული ფონის შექმნა, დაძაბულობაში რომ ამყოფო მოსახლეობა”.
“ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც არის ტოლერანტული და იქნება ტოლერანტული, მიუხედავად იმისა, რას შვრებიან ამა თუ იმ ტელევიზიაში და როგორ უპასუხისმგებლოდ იქცევიან, მაგრამ ესეც მათი უფლებაა, სწორედ ეს არის პრინციპი, ეს არის თავისუფალი მედიის მთავარი მახასიათებელი,”– ამბობს ღარიბაშვილი.
გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ტელეკომპანია “მაესტროში” განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და ჟურნალისტების პროფესიული თავისუფლების პრინციპების დაცვას, ასევე არღვევს „მაესტროში“ დასაქმებულ პირთა საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულ შრომით უფლებებს
როგორც განცხადებაში წერია, არხის ყოფილმა წამყვანმა ჟურნალისტმა, ნინო ჟიჟილაშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს ბადის შექმნაზე, ამ პროცესში არ იყვნენ ჩართულნი, ხოლო კოკა ყანდიაშვილი – გარეშე პირი, რომელიც ამავდროულად მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტია, სატელევიზიო ბადის შექმნაში პირადად მონაწილეობს.