ახალი ამბები

როგორ მიმდინარეობს გამოცდები და რას ამბობენ აბიტურიენტები ტესტის სირთულეზე

1 ივლისი, 2019 • 1770
როგორ მიმდინარეობს გამოცდები და რას ამბობენ აბიტურიენტები ტესტის სირთულეზე

პირველ ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნა. საქართველოს მასშტაბით 23 საგამოცდო ცენტრში გამოცდა 09:00 საათზე დაიწყო.

იმ აბიტურიენტების ნაწილის თქმით, ვინც გამოცდა თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში ჩააბარა,  ტესტები საშუალო სირთულის იყო. ზოგიერთი აბიტურიენტის თქმით, წინა წელს არსებული პრობლემა სიცხესთან დაკავშირებით ახლა უკვე გადაჭრილია, საგამოცდო ოთახებში დაყენებულია კონდიციონერები. აბიტურინტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ 15-ქულიანი დავალების და წაკითხულის გააზრების ამოღებასთან დაკავშირებით.

„საერთოდ არ იყო ტესტები რთული. როგორც იცით, კითხვებზე პასუხები ამოღებულია და ეს ძალიან ცუდია, რადგან ერთ-ერთი ადვილი დავალება იყო. წერის დროს ერთადერთი პრობლემა შემექმნა: ძალიან ციოდა და ჩემი თხოვნის შემდეგ დამკვირვებელმა კონდიციონერი გამორთო“, – თქვა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა.

„ტესტები იყო საშუალო სირთულის. წერის დროს არ შემქმნია არანაირი პრობლემა. ერთადერთი, რაც არ მომეწონა, არის ის, რომ წაკითხულის გააზრება ამოღებულია“, – გვითხრა მეორე აბიტურიენტმა.

აბიტურიენტებს ჰიგიენურ საშუალებებთან ერთად ე.წ. ტუშის კალმების შეტანაც შეუძლიათ, თუ მისი სისქე 0.5 მილიმეტრიდან  0.7 მილიმეტრამდე იქნება.

„შარშან აბიტურიენტებისგან მსმენია, რომ ტუშის კალმები კარგად არ წერდა. პირადად მე და, როგორც ვხედავდი, გარშემო მყოფებს ამ გამოცდაზე ეს პრობლემა არავის შეგვქმნია”, – თქვა კივდე ერთმა აბიტურიენტმა.

„ვფიქრობ, საგამოცდო ტესტები იყო ძალიან მარტივი. კალამმა ორჯერ გამიჭედა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოვახერხე, სწრაფად დამეწერა გამოცდა”, – გვითხრა სხვა აბიტურიენტმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. აპლიკანტთა დიდი რაოდენობის გამო კი ხულოსა და ბათუმში დამატებით ორი ცენტრი გაიხსნა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს დასრულდება.

2019 წლის ეროვნულ გამოცდაზე 41 ათასამდე აბიტურიენტია რეგისტრირებული. წელს საქართველოს უნივერსიტეტები 41 ათასამდე სტუდენტის მიღებას აპირებენ. ცენტრის ინფორმაციით, 2500-მდე ადგილი კი ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი