ახალი ამბები

ოპოზიციის უმეტესობა “ოცნების” საკონსტიტუციო ინიციატივის პრეზენტაციას არ დაესწრება

1 ივლისი, 2019 • 1558
ოპოზიციის უმეტესობა “ოცნების” საკონსტიტუციო ინიციატივის პრეზენტაციას არ დაესწრება

“გაერთიანებული ოპოზიცია”, “ევროპული საქართველო”, “თავისუფალი დემოკრატები” და “რესპუბლიკური პარტია” პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო ინიციატივის პრეზენტაციას არ დაესწრებიან.

როგორც “ევროპულ საქართველოში”, ისე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ დღევანდელი პრეზენტაცია ვიწროპარტიული ხასიათისაა, სადაც მონაწილეობის საჭიროება არ არსებობს. ამავდროულად, ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, მომავლში ჩაერთონ საკონსტიტუციო ცვლილებების სამუშაო ფორმატში.

“ჩვენ განვაცხადეთ, რომ აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ და ჩავერთვებით პოზიციების დამაახლოებელ სამუშაო შეხვედრაში. რაც შეეხება პრეზენტაციას, ეს არასამუშაო ფორმატია, მათი პარტიული ღონისძიებაა და მაინცდამაინც გადატვირთვა სხვა პარტიებით საჭიროდ არ მიგვაჩნია. ჩვენ გვაქვს ჩვენი წინადადებათა პაკეტი,  ჩვენს წინადადებს შორის გარკვეული განსხვავებებია და პოზიციების შეჯერებას სჭირდება სამუშაო მაგიდა და ამ კონსულტაციებისთვის მზად ვართ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” “გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ.

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია აცხადებს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არის დიდი მიღწევა, რასაც ყველა აღიარებს და “რეპსუბლიკური პარტია”, სხვა პარტიებთან ერთად, მზადყოფნას გამოთქვამს, დიდ სამუშაო ფორმატში და საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაში ჩაერთოს. “შერატონში” დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას არ აპირებენ “თავისუფალი დემოკრატებიც”.

საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაციას დაესწრება “გირჩი”.

დღეს, პირველ ივლისს, 14:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საკონსტიტუციო ინიციატივის “პროპორციული არჩევნები 2020“ პრეზენტაციას გამართავს. “ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარების მზადყოფნა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე გამოთქვა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი