ახალი ამბები

საქართველოსთან დიალოგი აღდგება, თუ ბოდიშს მოიხდიან — რუსეთის ფედერალური საბჭოს სპიკერი

30 ივნისი, 2019 • 2083
საქართველოსთან დიალოგი აღდგება, თუ ბოდიშს მოიხდიან — რუსეთის ფედერალური საბჭოს სპიკერი

რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო აცხადებს, რომ საქართველოსთან დიალოგის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ხელისუფლება ბოდიშს მოიხდის.

„ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს — ჯერ დაამყარონ წესრიგი ქვეყანაში. ბოდიში მოიხადონ იმაზე, რაც მოხდა, შემდეგ კი შესაძლებელია დიალოგი“, — გამოცემა „რიას“ (РИА Новости-სთანახმად, ასე განაცხადა მატვიენკომ. იგი იკავებს რუსეთის ფედერალური ასამბლეის (პარლამენტის) ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პოსტს. ეს რუსეთის ფედერაციაში მესამე უმაღლესი თანამდებობაა პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შემდეგ.

მატვიენკომ ჟენევაში ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ხელისუფლება, რომელიც დღეს საქართველოშია, ყველაფერს აკეთებს, რომ შეწყვიტოს ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის“. მან ასევე თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება „არ არის დამოუკიდებელი, ისინი ამას კარნახით აკეთებენ“.

ამის შემდეგ მატვიენკომ თქვა, რომ „დიალოგი“ იქამდე არ იქნება შესაძლებელი, „ვიდრე ხელისუფლება ხელისუფლებას არ დაემსგავსება და წესრიგს არ დაამყარეს, ვიდრე არ შეწყდება ეს რუსოფობიული ტალღა, რომელიც რადიკალებმა წამოსწიეს“.


საქართველოში 20 ივნისს დაიწყო აქციები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ; ამ აქციაზე საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენება მოითხოვეს.

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

ავიარეისების გაუქმების გამო ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ. მისი თქმით, „პუტინმა გადაწყვიტა ქართველები დასაჯოს, რადგან იქ ქუჩის აქციები იმართება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი