ახალი ამბები

რუსეთში ქართული დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელი პუტინს მიმართავს

29 ივნისი, 2019 • 1635
რუსეთში ქართული დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელი პუტინს მიმართავს

რუსეთში მოქმედი ერთ-ერთი დიასპორული ორგანიზაცია “ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომია” ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართავს. წერილში თბილისში განვითარებული მოვლენები გავრილოვს საკითხთან დაკავშირებით პროვოკაციადაა მოხსენიებული და პუტინის მიერ დაწესებულ სანქციებს შეეხება. წერილის მიხედვით, რუსეთმა ტურისტული სანქციით რუსეთმა “თბილისში მომხდარ პროვოკაციას უპასუხა”.

როგორც გაზპრომის მფლობელობაში არსებული ტელევიზია, NTV წერს, დიასპორული ორგანიზაციის პრეზიდენტი გიორგი წურწუმია შეშფოთებას გამოთქვამს მიმდინარე მოვლენების გამო და ამბობს, რომ პუტინის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვა რუსეთსა და საქართველოში მილიონობით ადამიანს დააზარალებს.

წურწუმია სთხოვს პუტინს გააუქმოს, “მძიმე სანქციები” აკრძალვები, რომელიც პირველ რიგში ხალხს დააზარალებს. ამასთან დიასპორის ხელმძღვანელი შიშობს, რომ შესაძლოა ამ მოვლენებმა შოვინისტური განწყობები გაამძაფროს:

“ცალკე აღებულმა ჩინოვნიკებმა, ჟურნალისტებმა საზოგადოებრივმა მოღვაწეებმა შეიძლება ჩათვალონ ეს სანქციები ქართველების დაკნინების სიგნალად. ჩვენ ვშიშობთ, რომ ხელისუფლების მსგავსმა ნაბიჯებმა შეიძლება მიაწოდოს სიგნალი შოვინოსტურ ძალებს და პროვოკატორებს იმისთვის, რომ საქართველოს მკვიდრთა დევნა დაიწყოს” – ამბობს წურწუმია.

რა მოხდა?

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნილ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელონ პოლიტიკოსების გარეშე.

თბილისში მიმდინარე მოვლენები “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა რუსეთის ხელისუფლებამ და საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლას აუქმებს, ასევე, რუსეთის დუმის დეპუტატები მოქალაქეებს ქართული პროდუქციისა და კურორტების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი