ახალი ამბები

NGO-ები: მაესტროში განვითარებული მოვლენები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სარედაქციო დამოუკიდებლობას

25 დეკემბერი, 2014 •
NGO-ები: მაესტროში განვითარებული მოვლენები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სარედაქციო დამოუკიდებლობას

NGO-ების განცხადების მიხედვით, „მაესტროდან“ წასული ჟურნალისტების განცხადებით, არხის ფაქტიური მფლობელი კოტე გოგელია ინტენსიურად ერევა არხის სარედაქციო საქმიანობაში, რაც ეწინააღმდეგება მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს.

 

“სამწუხაროა, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობა არ იცავს საკუთარ თანამშრომლებს და ვერ უზრუნველყოფს მათ სარედაქციო დამოუკიდებლობას,”– ნათქვამია განცხადებაში.


როგორც განცხადებაში წერია, ნინო ჟიჟილაშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს ბადის შექმნაზე, ამ პროცესში არ იყვნენ ჩართულნი, ხოლო კოკა ყანდიაშვილი – გარეშე პირი, რომელიც ამავდროულად მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტია, სატელევიზიო ბადის შექმნაში პირადად მონაწილეობს.


NGO-ების განცხადებით, ამგვარი ქმედება შეუთავსებელია ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლების პრინციპებთან, მით უფრო, რომ  ჟურნალისტების განმარტებით, ტელეკომპანიის მფლობელები ცდილობენ, ურთიერთობა არ გაიფუჭონ ხელისუფლებასთან.

 

NGO–ები აცხადებენ, რომ ტელეკომპანია „მაესტროზე“ ბოლო დროს მიმდინარე ზემოაღნიშნული ცვლილებები არხზე დასაქმებული ჟურნალისტების შრომითი უფლებების უხეში დარღვევის ფონზე მიმდინარეობს და არხის მიერ ჟურნალისტებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, ხშირ შემთხვევაში, მათთვისაც მოულოდნელია.


“დამსაქმებლის მხრიდან ამგვარმა დამოკიდებულებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს არხზე დარჩენილ ჟურნალისტებზეც, შეზღუდოს მათი პროფესიული თავისუფლება და დამოუკიდებლობა.   მიგვაჩნია, რომ მედიის თავისუფლებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის ვალდებულება აკისრია არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ასევე არხის მფლობელსა და ხელმძღვანელობას.  მოვუწოდებთ შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, პატივი სცენ ზემოაღნიშნულ პრინციპებს და იმოქმედონ ამ პრინციპებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,”– წერია განცხადებაში.


ტელეკომპანია “მაესტრომ” არხის რეორგანიზაცია გამოაცხადა – ამის თაობაზე ამავე არხის 12:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში განაცხადეს. ტელეკომპანიაში ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არხი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობამ და თანამშრომლების ნაწილმა დატოვეს. 

 

 “მაესტროს” უკვე ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილებები საერთო დიდი პროცესის ნაწილია, თუმცა განსაკუთრებულად უსვამენ ხაზს არხზე კოკა ყანდიაშვილის მისვლას, რომელიც სხვადასხვა უფლებით იქნება აღჭურვილი. კოკა ყანდიაშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს მთავრობის კონსულტანტია, უფრო ადრე კი პრემიერ–მინისტრის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.



მაესტრო
მაესტრო

 



მასალების გადაბეჭდვის წესი