ახალი ამბები

მოქალაქეთა ჯგუფი საყდრისის საკითხზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

25 დეკემბერი, 2014 •
მოქალაქეთა ჯგუფი საყდრისის საკითხზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

აქციის მონაწილის, მარიამ გურგენიძის განცხადებით, აქცია თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 13:00 საათზე დაიწყო, 14:00–ზე კი მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს, სადაც აქცია–კონცერტი გაიმართება.

აქციის მონაწილეთა განაცხადებაში ნათქვამია, რომ სურთ შეახსენონ პარლამენტს, რომ ის ვალდებულია, დაიცვას კანონის უზენაესობა და “არ უნდა გაიღოს მსხვერპლად უნიკალური კოლტურული მემკვიდრეობა რომელიმე კერძო კომპანიის ერთჯერადი მოგებისთვის”.

 

 

აქციის მოთხოვნებია, რომ დაუყოვნებლივ შეჩერდეს სამთო-მოპოვებითი სამუშაო საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე, დაიწყოს საპარლამენტო გამოძება, არ გაუგრძელდეს კომპანია RMG Gold-ს ლიცენზია საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე.

აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ, რომ შედგეს სამუშაო ჯგუფი საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი არქეოლოგებისა და გეოლოგების შემადგენლობით, ძეგლის დღევანდელი მდგომარეობის ფიქსაციისა და მომდევნო შესწავლისთვის; ასევე, გაიმართოს ღია დიალოგი დაინტერესებულ სამოქალაქო ჯგუფებს, მთავრობასა და ბიზნესს შორის ადგილობრივი თემის, რეგიონისა და ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის საუკეთესო გზების შემუშავების მიზნით კულტურული, სოციო-ეკნომიკური და გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებით.

 

“საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს მცირე ტერიტორიის დაცვა არ გულისხმობს წარმოების გაჩერებას! კომპანიას პირველი ივლისიდან აქვს 2013 წლის ლიცენზია, რომლითაც შეუძლია იმუშაოს ყველგან, გარდა საყდრისის პატარა ბორცვისა, “– ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

 

საყდრისის დამცველთა აქციები პერმანენტულად იმართება 13 დეკემბრის შემდეგ, რაც  RMG Gold–მა საყდრისი–ყაჩაღიანის უბანზე სამუშაოები განაახლა და აფეთქება განახორციელა. მათი ძირითადი მოთხოვნა საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე სამუშაოების შეჩერებაა.

 

კომპანიის მიერ სამუშაოების გაგრძელებას ითხოვს ბოლნისელთა ნაწილი, რომელთა უმეტესობაც RMG Gold-ში არის დასაქმებული.  ისინი აცხადებენ, რომ თუკი კომპანია სამუშაოებს შეწყვეტს, ისინი შემოსავლის გარეშე დარჩებიან. ამ საკითხთან დაკავშირებით მათ 23 დეკემბერს მთავრობის კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა საინიციატივო ჯგუფის წევრები პრემიერ–მინისტრის წარმომადგენელსაც შეხვდენენ და თავიანთი პრობლემების შესახებ ესაუბრნენ.

 

მეორე დღეს, 24 დეკემბერს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მას იმ 3000 ოჯახის ბედი უფრო აღელვებს, ვინც კომპანია “არემჯიშია” დასაქმებული.

 

“არ შეიძლება, მხოლოდ ემოციას აყოლილი აჟიოტაჟი გახდეს გადაწყვეტილების მიმღები და ამ პროცესში დაზიანდეს კიდევ უფრო მეტი სიკეთე, როგორიც არის 3 000 ოჯახის დასაქმება და მათი ბედი, მე ეს უფრო მაღელვებს,”– განაცხადა პრემიერმა.

საყდრისი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.


საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი. 15.12.2014
საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი. 15.12.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი