ახალი ამბები

რა მიმართულებით დაეხმარება სახელმწიფო ტურიზმის სექტორს

28 ივნისი, 2019 • 1177
რა მიმართულებით დაეხმარება სახელმწიფო ტურიზმის სექტორს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფო რამდენიმე მიმართულებით დაეხმარება ტურიზმის სექტორს.

მათ შორის არის ლოჯისტიკა, ხოლო მცირე სასტუმროების შემთხვევაში კრედიტის აღებისას – დახმარება და სხვა. თურნავას მტკიცებით, დახმარების შესახებ უფრო კონკრეტულ ინფორმაციას სამინისტო რამდენიმე დღეში გაავრცელებს.

“ჩვენ, ბუნებრივია, დაგვჭირდა გარკვეული დრო იმისთვის, რომ კარგად შეგვესწავლა, თუ რა ზომის ზარალი შეიძლება მიადგეს ტურისტულ ინდუსტრიას. აქედან გამომდინარე, უკვე რამდენიმე დღეა ვხვდებით ბიზნესის წარმომადგენლებს. აქცენტს ვაკეთებთ მცირე ოჯახური ტიპის სასტუმროების წარმომადგენლებზე, ასევე შევხვდით ტუროპერატორებს. უკვე გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელზეც დეტალურად შემდეგ კვირაში ვისაუბრებთ. ეს გეგმა ბიზნესის მოთხოვნებს პასუხობს და შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: ლოჯისტიკის მიმართულებით დახმარება, სადაც ჩვენ კონკრეტული ფინანსური კონტრიბუციით შემოვალთ. მეორე იქნება ფინანსური დახმარება, რომელსაც მცირე ბიზნესს გავუწევთ. ფინანური დახმარება ამ შემთხვევაში გულისხმობს საკრედიტო-საგარანტიო მიმართულებას. ამაზე კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან კონსულტაციებიც გვქონდა. ასევე გვექნება მარკეტინგული კამპანია, რომლის მიზანიც იქნება საქართველოს როგორც ტურისტებისთვის მშვიდი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება”, – განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავას 24 ივნისს  ტუროპერატორებმა, რესტორნებისა და სასტუმროების წარმომადგენლებმა ის მოთხოვნები გააცნეს, რაც, მათი აზრით, სექტორს რუსული სანქციების გავლენას შეუმსუბუქებს.

ეს მოთხოვნებია:

  • უფასო ავტობუსი  ახალი აეროპორტიდან (მაგალითად, ბაქო, ერევანი, ტრაპზონი)
  • ჩარტერების სუბსიდირება იმ ქვეყნებიდან, რომლებიც უფრო რეაგირებენ და აქტიურობენ ( ბალტიისპიტეთი, უკრაინა)
  • გადასახადების გადახედვა
  • დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა
  • პიარკამპანიების დაფინანსება ტუროპერატორებისთვის
  • საზღვარზე პრობლემების მოგვარება, განსაკუთრებით, ირანელი და ინდოელი ტურისტების მიმართულებით
  • შიდა ტურიზმის წახალისება და სხვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართულებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის.

ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.

ამასთან, ტუროპერატორებისთვის და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაციისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შეეხება.

რუსეთის ამგვარი რეაქცია მოჰყვა საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლის შემდეგ დაწყებულ  პროტესტს – გავრილოვს პარლამენტის შენობა დაატოვებინეს, თბილისში კი ანტისახელისუფლო და რუსეთის ოკუპაციის საწინააღმდეგო მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი