რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენის გამო 7 ქვეყნის დელეგაციამ სხდომა დატოვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენის გამო საქართველოსა და 6 ქვეყნის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ევროსაბჭოს სესია დატოვა.

ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, საქართველოს, უკრაინის, პოლინეთისა და სლოვაკეთის დელეგაციებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს საპარლამენტო ასამბლეას. 7 ქვეყნის დელეგაცია აცხადებს, რომ რუსეთისთვის უპირობოდ ხმის უფლების აღდგენა ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ძირითად ღირებულებებს.

“ეს გადაწყვეტილება ცუდი სიგნალია იმ ქვეყნისთვის, რომელიც შეიარაღებულ აგრესიას მიმართავს, არ იცავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს და მიისწრაფვის ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში დესტაბილიზაციის მოწყობისკენ” ,- წერია მიმართვაში.

17 ივნისს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ჰელსინკიში გაიმართა, წევრი ქვეყნების უფლებების, ვალდებულებებისა და პრიორიტეტების შესახებ გერმანიის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების ლობირებით შემუშავებული განცხადება  მიიღეს, რომელშიც ნათქვამია, რომ:

  • ყველა წევრ სახელმწიფოს თანაბარი უფლება უნდა ჰქონდეს, მონაწილეობა მიიღოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისა და საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში და მიესალმებიან, ყველა წევრი სახელმწიფოს დელეგაციამ მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო ასამბლეის ივნისის სესიაში;
  • წევრი სახელმწიფოების ერთ-ერთი ფუნდამენტური ვალდებულებაა, საერთო ბიუჯეტში საწევრო გადაიხადოს.

საპარლამენტო ასამბლეამ კი 25 ივნისს მიიღო რეზოლუცია, სადაც წერია, რომ ევროსაბჭოს წევრების უფლება, ხმა მისცენ, ისაუბრონ და განახორციელონ წარმომადგნელობითი უფლებამოსილება ასამბლეაზე, არ უნდა იყოს შეზღუდული.

რუსეთი კატეგორიულად ითხოვდა ხმის უფლების აღდგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროსაბჭოს საერთოდ დატოვებით იმუქრებოდა. თუ ეს მოხდებოდა, რუსეთის მოქალაქეები ვერ იჩივლებდნენ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რომელთა გადაწყვეტილებების აღსრულება ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოებისთვის სავალდებულოა. ევროსაბჭოს წევრი ამ დროისათვის 47 სახელმწიფოა.

რუსეთს, ყირიმის ანექსიის გამო, 2014 წლიდან ჩამორთმეული ჰქონდა ხმის უფლება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) და მხოლოდ პლენარულ სხდომებზე დასწრება შეუძლო.

საპასუხოდ მოსკოვმა შეაჩერა ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ბიუჯეტში 33 მილიონი ევროს გადახდა, რაც მთელი ბიუჯეტის 7%-ია და ფინანსური კრიზისი გამოიწვია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.