ახალი ამბები

იმუნიტეტის მოხსნის სტანდარტი უფრო მაღალი უნდა იყოს – კაკულია

26 ივნისი, 2019 • 940
იმუნიტეტის მოხსნის სტანდარტი უფრო მაღალი უნდა იყოს – კაკულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია განმარტავს, რომ მისი გადაწყვეტილება, ხმა არ მიეცა ნიკა მელიას პატიმრობის გადაწყვეტილებისთვის, არავის წინააღმდეგ ან მხარდასაჭერად არ იყო მიმართული.

“მე თავი შევიკავე, არ დავუჭირე ამ გადაწყვეტილებას მხარი, მაგრამ ეს არ იყო არც არავის წინააღმდეგ და არც არავის მხარდამჭერი გადაწყვეტილება. ეს იყო გადაწყვეტილება, რომლითაც ჩემი, როგორც ერთი დეპუტატის, აზრი გამოვხატე იმასთან დაკავშირებით, რომ მგონია, იმუნიტეტის მოხსნის სტანდარტი საპარლამენტო რესპუბლიკაში უფრო მაღალი უნდა იყოს. ეს არის ერთადერთი მოტივაცია”,- განაცხადა კაკულიამ.

რაც შეეხება იმას, პრობლემას შეუქმნის თუ არა ეს გადაწყვეტილება გუნდის შიგნით და ხომ არ აპირებს, “ქართული ოცნება” დატოვოს, კაკულია პასუხობს:

“მე არავის წინააღმდეგ და არავის მხარდასაჭერად გადამიდგამს ეს ნაბიჯი, არც უმრავლესობიდან გასვლაზე გამიკეთებია განცხადება, თუმცა, ეს ჩემი გადაწყვეტილება თუ პრობლემური იქნება გუნდისთვის, ცხადია, არავის ჩავაყენებ უხერხულობაში, თუმცა ამაზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა”, – აღნიშნა კაკულიამ.

რომან კაკულია იმ სამ დეპუტატს შორისაა, რომელმაც დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. დანარჩენმა ორმა – ბექა ოდიშარიამ და მირიან წიკლაურმა განმარტეს, რომ მათ მხარი დაუჭირეს პარლამენტის დადგენილებას, თუმცა ეს ტექნიკური ხარვეზის გამო არ აისახა.

მასალების გადაბეჭდვის წესი