ახალი ამბები

ეს სისტემა უნდა დაინგრეს – ლევან გოგიჩაიშვილი

26 ივნისი, 2019 • 1113
ეს სისტემა უნდა დაინგრეს – ლევან გოგიჩაიშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურამ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლითაც ნიკა მელიას ბრალეულობაში დაარწმუნებდა.

როგორც გოგიჩაიშვილი ამბობს, დღევანდელმა მოვლენებმა მას საკუთარი საქმე გაახსენა, როცა მელიას მსგავსად, მისი დაპატიმრებაც “ორი ფურცლით”,  ანუ არასაკმარისი მტკიცებულებებით მოხდა.

“დღეს, რაც კომიტეტის დარბაზში ხდებოდა, ძალიან სამარცხვინო იყო. ეს იყო ინსტიტუციის გადავლა თავზე და, დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს საკუთარი თავი ამ როლში არ მოსწონს. ეს ამბავი არ უნდა მომხდარიყო. დიახ, გასაგებია რომ კანონი დაირღვა და ვიღაცის პასუხისმგებლობები უნდა დადგეს, მაგრამ ამის გაკეთება სხვანაირადაც შეიძლებოდა. დღეს პროკურატურამ ვერ დამარწმუნა რაღაცებში, რომელიც რაღაც ნაბიჯს გადამადგმევინებდა. დღეს პროკურატურა დამაჯერებელი არ იყო და გამახსენდა “ორი ფურცელი”, რომელიც ძალიან ცუდ ემოციას მიტოვებს. როდესაც არაფრის მთქმელი ორი ფურცელია და ასე უბრალოდ დაბეჭდილია. აქ მოდიხარ და შენ გინდა ვიღაცამ ნოტარიულად დაგიმტკიცოს. ძალიან ცუდი შეგრძნება მაქვს, რადგან მეც ორი ფურცლით ოთხი წელი არაფრის გამო ვიჯექი. ეს ორი ფურცელი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში და ეს სისტემა უნდა დაინგრეს”,-უთხრა გოგიჩაიშვილმა “ტვ პირველს”.

საქართველოს პარლამენტმა თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე.

შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო. სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი