ახალი ამბები

რეაქციები თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე უკრაინაში დაღუპულ მებრძოლზე

20 დეკემბერი, 2014 • • 1008
რეაქციები თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე უკრაინაში დაღუპულ მებრძოლზე

“გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას,”- ეს განცხადება თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 20 დეკემბერს გააკეთა. 

 

“სამარცხვინო განცხადება! სიტყვებიც არ მყოფნის! რას აკეთებთ, რას? ჩრდილოეთ კორეას დაემგვანებით ეგრე! დაემგვანებით და გადაასწრებთ! სხვას ვებრძოდით ჯარის პოლიტიზებაზე! უარესს სჩადიხართ? გამოფხიზლდით! ერთი დღით ნუ ცხოვრობთ! შვილების წინაშე შეგრცხვებათ!” – წერს ფეისბუქის გვერდზე ალექსი პეტრიაშვილი, “თავისუფალი დემოკრატების” წევრი. 

 

“ალექსანდრე გრიგოლაშვილი იყო უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი, მოხალისე. ის უკრაინაში იბრძოდა ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის, პუტინის რუსეთის წინაააღმდეგ. ალექსანდრე გრიგოლაშვილი არის საქართველოს გმირი, და ივანიშვილის ხელისუფლების უტიფარი მცდელობა მისი თავდადება წარმოაჩინონ ანგარებად, ან ის წარმოაჩინონ რაღაც გაურკვეველი პროვოკაციის მსხვერპლად, არის ქართული ჯარის და მთელი ქართული საზოგადოების უმძიმესი შეურაცხყოფა და ღალატი,”- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დღეს, 20 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე. 

 

“მრცხვენია, რომ საქართველოს ასეთი თავდაცვის მინისტრი ჰყავს. უფრო სწორად, ჩვენ დღეს დადასტურებულად გავიგეთ, რომ არ გვყავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და სხვა ქვეყნის ინტერსებს გამოხატავს და სხვა შეფასება, გარდა პოლიტიკური ნაძირლობისა, მე არ მახსენდება ამ განცხადების წაკითხვის შემდეგ,” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიგა ბოკერიამ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი